ჭიდაობა

17:18 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ დათუნაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს საუკეთესო შემთხვევაში სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულებს. რობერტ კობლიაშვილისა (85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილის (98 კგ) შემდეგ, მსოფლიო პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლის რეალურ შანსს ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ) ინარჩუნებს.

2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩასული დათუნაშვილი ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მივიდა და სომეხ მანუკიანთან დამარცხდა. რეპეშაჟის ფინალში კი გერმანელი პასკალ ეიზელისა და შვედი ალექს ბიურბერგ კესიდისის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კიდევ სამ წონით კატეგორიაში: 59, 66 და 130 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით კონკურენციაში ლაშა მარიამიძე (59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) ჩაებნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დილის პროგრამაში დაკარგეს. მარიამიძე და გოგიბერაშვილი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდნენ. არაბული კი მსოფლიოს პირველობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.120113