ჭიდაობა

0:01 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების მსოფლიო სტარტი – წყვილი ბრინჯაო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში დღეს დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით გახსნა. ფრანგულ პოდიუმზე რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (98 კგ) ავიდნენ.

კობლიაშვილმა 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე გამოსვლა ავსტრიელი ამერ ჰრუსტანოვიჩის ძლევით (2:1) დაიწყო. შემდეგ პოლონელ ტადეუშ მიხალიკს დაეჭიდა და გაცილებით ადვილად იმარჯვა (4:0). მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან - თურქ მეტეჰან ბაშართან წააგო (1:4). ამ უკანასკნელმა რუსეთის ნაკრების წევრი დავით ჩაკვეტაძეც ჩამოიშორა და ფინალში გავიდა, რითაც კობლიაშვილს რეპეშაჟის გზა გაუხსნა.

ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს ნახევარფინალში ბულგარელ ნიკოლაი ნიკოლაევ ბაირიაკოვს სძლია (2:1). გადამწყვეტ ბრძოლაში კი ჩაკვეტაძეს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქე არ გამოუცხადდა და მედალს უბრძოლველად დაეუფლა.

ნადარეიშვილი საქმეში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და ჩეხეთის ნაკრების წევრ არტურ ომაროვს აჯობა (5:3), თუმცა გამარჯვება წარბის გახეთქვად დაუჯდა. შემდეგ სამხრეთკორეელ ჰაკბონ გუს სძლია (4:2) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უმთავრეს ფავორიტს – ევროპის 3-გზის (2012, 2013 და 2014), მსოფლიოს 2-გზის (2014 და 2015) და ოლიმპიურ (2016) ჩემპიონს, სომეხ არტურ ალექსანიანს დაუპირისპირდა.

რევაზ ნადარეიშვილი მას ბოლოს ორიოდ თვის წინ, თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. ამჯერადაც, ბოლო წუთამდე ტოლსწორად ებრძოლა, მაგრამ საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე 4-ქულიანზე დავარდა და 2:6 წააგო.

ალექსანიანი მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა. ნადარეიშვილმა კი ბრინჯაოს გზაზე ჯერ ირანელ სეიდმუსტაფა სალეჰიზადეჰს აჯობა სასურველი ფრით (4:4), ხოლო შემდეგ უზბეკი რუსტამ ასაკალოვი დაამარცხა (3:1).

დღესვე, საპრიზო სამეულები კიდევ ორ წონით კატეგორიაში – 71 და 75 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში შმაგი ბოლქვაძე (71 კგ) და მინდია წულუკიძე (75 კგ) ჩაებნენ, მაგრამ შეჯიბრებას ორივე დილის პროგრამაშივე გამოეთიშა.

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) ამჯერად ახალ წონით კატეგორიაში მოსინჯა ძალა. მსოფლიო დებიუტი წარუმატებელი გამოუვიდა - ძირითად ბადეში გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა, ირანელ მოჰამადალი აბდოლჰამიდ გარაეისთან მარცხით (2:3). ცოტა ხანში კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ირანელი მხოლოდ მეოთხედფინალამდე მივიდა.

მინდია წულუკიძე (75 კგ) წილისყრამ 34 მონაწილეს შორის იმ ოთხეულში მოახვედრა, რომლებსაც პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუხდათ ხალიჩაზე გასვლა. ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონატი ინდოელი სინგხ გურპრეტის ძლევით (5:1) გახსნა. შემდეგ, ამერიკელი მეისონ ტაილერ მანვილი (4:2) და ფრანგი სემი სლამა (10:3) ჩამოიშორა. მეოთხედფინალში კი ბელარუს კაზბეკ კილოუსთან ვეღარას გახდა (2:9) და ისღა დარჩენოდა, მომგების ფინალში გასვლას დალოდებოდა, თავად ბრინჯაოს ფრონტზე რომ გადართულიყო, მაგრამ კილოუ ნახევარფინალში დამარცხდა.

ხვალ მედლები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ ოთხ წონაში: 59, 66, 80 და 130 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ხალიჩაზე გავლენ: ლაშა მარიამიძე (59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ) და ლევან არაბული (130 კგ).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

პარიზი

21 აგვისტო

71 კგ

1 ფრენკ შტებლერი (გერმანია)

2 დემეუ ჟადრაიევი (ყაზახეთი)

3 ბალინტ კორპასი (უნგრეთი)

3 მოჰამადალი გერაეი (ირანი)

75 კგ

1 ვიქტორ ნემეში (სერბეთი)

2 ალექსანდრ ჩეხირკინი (რუსეთი)

3 ტამას ლორინცი (უნგრეთი)

3 საეიდ მორად აბდვალი (ირანი)

85 კგ

1 მეტეჰან ბაშარი (თურქეთი)

2 დენის კუდლა (გერმანია)

3 რობერტ კობლიაშვილი (საქართველო)

3 ჰუსეინ აჰმად ნოური (ირანი)

98 კგ

1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

2 მუსა ევლოევი (რუსეთი)

3 რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო)

3 ბალას კიში (უნგრეთი)

0.113316