ფეხბურთი

23:35 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიოს მამა: "ჩემი შვილი "იუვენტუსში" რჩება"

იტალიური მედიის დღის მთავარი თემა კლაუდიო მარკიზიოს “იუვენტუსიდან” შესაძლო წასვლაა. ყველაზე მეტად 31 წლის ნახევარმცველის “მილანში” გადასვლის შესახებ საუბრობენ. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, იტალიელი “იუვეში” რჩება.

როგორც ფეხბურთელის მამამ და ამავდროულად აგენტმა სტეფანო მარკიზიომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, ყველაფერი ჭორებია და მისი შვილი მშობლიურ გუნდში რჩება.

“ამის შესახებ არაფერი ვიცი. არ მესმის, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. კლაუდიომ ორი წლის წინ 5 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი “იუვენტუსთან”, სამი დღის წინ კი მე ვესაუბრე კლუბის წარმომადგენლებს და “იუვედან” წასვლის შესახებ არაფერი თქმულა. ჩემმა შვილმა “იუვენტუსში” უნდა ითამაშოს.

დიახ, მართალია “იუვე” ძლიერდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლაუდიომ გუნდი უნდა დატოვოს”, - თქვა მარკიზიოს მამამ.

შეგახსენებთ, კლაუდიო მარკიზიო “იუვენტუსის” აკადემიის აღზრდილია. პირველად იგი “ბებერი ქალბატონის” სკოლაში 1993 წელს მივიდა და მას შემდეგ არსად წასულა. ერთადერთი გამონაკლისი 2007-2008 წლების სეზონია, როდესაც ტურინულმა გრანდმა მაშინ ნიჭიერი ნახევარმცველი სათამაშო პრაქტიკის მიზნით “ემპოლიში” გაანათხოვრა. მთავარ გუნდში დებიუტი კი 2006 წელს ჰქონდა. 2008-2009 წლების სეზონიდან მთავარი გუნდის ძირითადი შემადგენლობაში დაიმკვიდრა ფეხი.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მარკიზიომ “იუვენტუსის” ღირსება 400 მდე შეხვედრაში დაიცვა. 6-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, სამჯერ იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო. ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აღსანიშნავია, რომ მარკიზიო “იუვენტუსის” გულშემატკივრებს ძალიან უყვართ და წესით მისი გაყიდვის შემთხვევაში გუნდის ხელმძღვანელების მიმართ საპროტესტო ტალღას გამოიწვევს.

0.060706