კალათბურთი

18:13 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ბოისამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ ავტოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა. წიგნის – “ბოისა – ჩემი გზა” ავტორი სპორტული ჟურნალისტი, ზურაბ თალაკვაძე გახლავთ.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს ეროვნული და 16 წლამდე ნაკრებების წევრები. როგორც იცით, 16-წლამდელებმა წარმატებით იასპარეზეს ბულგარეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, სადაც მე-3 ადგილი დაიკავეს და ელიტარული A დივიზიონის საგზური მოიპოვეს. გუნდი თბილისში გუშინ დაბრუნდა.

პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ვლადიმერ ბოისას ავტოგრაფიული წიგნი.

“ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ წიგნზე მუშაობის დროს, ამისთვის მადლობა ავტორს, ზურა თალაკვაძეს. მადლობა კალათბურთის ფედერაციას იმისთვის, რომ ამ სპორტიდან წასვლის შემდგომაც აქტიურად მიწევს მუშაობა. ასევე "ევროპაბეთს", რომელმაც დააფინანსა წიგნის გამოცემა.

მადლობა ნაკრების წევრებს, რადგან გამონახეს აქ მოსასვლელად დრო. მოგეხსენებათ, ბიჭები ხვალ მიემგზავრებიან საბერძნეთში და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ასევე მადლობა 16-წლამდელებს, რომლებმაც ძალიან გაგვახარეს და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას" - განაცხადა ვლადიმერ ბოისამ.

კომენტარი გააკეთა წიგნის ავტორმა ზურა თალაკვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ წიგნზე ლაპარაკს არ აპირებს, რადგან მისი წაკითხვის შემდგომ მოსმენილი კომენტარები უფრო სასიხარულო იქნება მისთვის.

“მადლობა პირველ რიგში ვოვას, რომ წამომყვა იდეაში წიგნი დაგვეწერა. მადლობა ყველას ვინც აქ მობრძანდით, წიგნის გარშემო ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ, მე მინდა მივულოცო 16 წლამდე ნაკრებს, რომელიც აქ იმყოფება. წიგნები გამოდის, ახალი წიგნებიც იქნება, თქვენი წარმატება კი რჩება ისტორიას სამუდამოდ.

მინდა წარმატება ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. იმედია ერთად შევიგრძნობთ იმ სიხარულს, რაც იქ იქნება. ეს უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე რისთვისაც აქ ვართ შეკრებილები, თუმცა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ დაფასებისთვის და აქ მობრძანებისთვის. წიგნზე საუბარს კი იმ მარტივი მიზეზის გამო არ ვაპირებ, რომ გამიხარდება თქვენი შეფასება მისი წაკითხვის შემდეგ. მინდა ქართულ კალათბურთს დიდი წარმატება ვუსურვო”, -თქვა ზურა თალაკვაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, იმ სამ ზირითად მიზეზზე გაამახვილა ყურადღება, რომლის გამოც დამსწრე საზოგადოება აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრი იმედოვნებს, რომ 1 თვის თავზე საკალათბურთო ევროპა საქართველოს შესახებ ალაპარაკდება.

“3 ძირითადი მიზეზია, რის გამოც ჩვენ აქ შევიკრიბეთ: პირველი ეს არის რა თქმა უნდა ის, რომ ძალიან კარგი საჩუქარი მივიღეთ წიგნის სახით, მათ ვისაც უყვარს კითხვა, სპორტი და განსაკუთრებით კალათბურთი. ეს წიგნი ძალიან კარგი მაგალითია ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის. რაც დრო გადის, იზრდება კონკურენცია. ამ წიგნმა მათ შეუძლია მისცეს ის გამოცდილება, რომელიც გამოადგებათ კარიერის განმავლობაში. ამ წიგნში არის კარგი სპორტსმენისა და პიროვნების ისტორია გადმოცემული. მე ჯერ არ მახსოვს ვლადიმერ ბოისა უხასიათოდ ყოფილიყოს, რაც უნდა რთული მომენტი ჰქონდეს. ყოველთვის ცდილობს პოზიტივი გამოასხივოს. ქართული კალათბურთის წარმატებაში მასაც მიუძღვის გარკვეული წვლილი და მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის.

მეორე და მთავარი მთავარი მიზეზი არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც ასე გაგვახარეს. წეღან ვიკითხე ვისი ხმა ისმოდა ვიდეოში, რომელშიც ისმის “მიყვარხართ ქართველებო” და ეს ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ უყვართ მათ საქართველო. იმ მომენტში სრულიად საქართველოს აზრი იყო გამოხატული. მინდა მათ კიდევ ერთხელ მივესალმო და მივულოცო წარმატება.

ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ კალათბურთს წინსვლაში და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. რასაც ეროვნულ ნაკრებმა მიაღწია, თავი დაიმკვიდრა ევროპულ ელიტაში და ამას შენარჩუნება უნდა. 16 წლამდე ნაკრების წარმატება კი სწორედ ამაზე გვაფიქრეს და გვაიმედებს.

მესამე მიზეზი კი - ჩვენი სასიქადულო თანამემამულეები, მე მათ მეგობრებად მივიჩნევ, რადგან ძალიან ხშირად მიწევს მათთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ კალათბურთს რომ თამაშობს იმ ნაკრებთან ერთად ძალიან დიდი სიხარული და ემოციები გველოდება წინ. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ნაკრებს და მინდა ასევე ქართველ ხალხს ვუსურვო მთელი საკალათბურთო ევროპა ერთი თვის თავზე ჩვენს შესახებ ლაპარაკობდეს”, - თქვა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

0.112739