ფეხბურთი

22:30 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას ქამბექი ჯანოსთან და არაბულის გოლი

ქართული ლეგიონი დღეს: ბაჩანა არაბულმა უნგრეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. მოსკოვურ დერბში, ქართული დერბიც შედგა - სოლომონ კვირკველიამ ჯანო ანანიძეს აჯობა და "ლოკომოტივმა" ცხრილის სათავეში ადგილი დაიბრუნა. სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ, რომელიც ერთობ დრამატული გამოდგა.

რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივმა” ჯანო ანანიძის “სპარტაკი” ფანტასტიკურ სტილში დაამარცხა – 4:3. VIDEO არადა, რუსეთის მოქმედი ჩემპიონი პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდა და თითქოს უქულოდ არ უნდა დარჩენილიყო. საქმე ისაა, რომ პირველ ტაიმში მსაჯმა “სპარტაკს” ალექსანდრ სამედოვი გაუძევა, ხოლო როგორც აღმოჩნდა კაცნაკლულმა “სახალხო გუნდმა” მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ძირითად შემადგენლობაში იყო ორივე ქართველი – ანანიძემ მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა და შესვენებაზე მასიმო კარერამ დენისოვის გაძევების გამო ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და სწორედ ქართველი დასვა სკამზე – როგორც გაირკვა, ამან შეხვედრაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ყოველშემთხვევაში, ჯანოსთან ერთად “სპარტაკმა” 2:0 მოიგო, ხოლო მის გარეშე 1:4 წააგო... არადა, ქართველი ნახევარმცველი მისთვის დათმობილ დროში ჩინებულად ირჯებოდა და ერთხელ გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, ოდნაც ააცილა კარს. მეორე გოლში უშუალო მონაწილეობაც მიიღო - შეტევა მან წამოიწყო: სანამ ქვინსი პრომესი ლუის ადრიანოს მეკარეს შეჰყრიდა, ჯანომ გაიყვანა ჰოლანდიელი ჩინებულ პოზიციაში. საკვრველია, რომ იტალიალი მწვრთნელი ქართველის გარჯას სათანადოდ არ აფასებს...

კვირკველიამ კი ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, სამედოვი სწორედ სოლომონთან ორთაბრძოლის ეპიზოდში გააძევეს - რუსი შემტევი საჯარიმოში იმ იმედით დაეცა, რომ ქართველს დააჯარიმებდა მსაჯი და პენალტს დანიშნავდა "სპარტაკის" სასარგებლოდ, მაგრამ პირიქით მოხდა და სიმულაციისთვის გააძევეს. 7 ტურის შემდეგ “ლოკომოტივი” 16 ქულით “ზენიტთან” ერთად ლიდერია, ხოლო “სპარტაკის” საქმე არც ისე კარგადაა – 8 ქულა და მეათე ადგილი...

აქვე, “ურალმა” მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და ქულა მოიპოვა (0:0). მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა გიორგი ჭანტურია, რომელმაც 90 წუთი გაატარა და თანაგუნდელთაგან გამორჩეულიც იყო. “ურალს” 7 თამაშიდან ჯერ არ წაუგია, მაგრამ 6 ფრე აქვს და ამიტომ 9 ქულით მხოლოდ მეცხრეა პოზიციაზეა.

უნგრეთის ჩემპიონატში გოლით გამოიჩინა თავი ბაჩანა არაბულმა. თბილისის “დინამოს” ექსშემტევმა “პუშკაშის აკადემიას” 64-ე წუთზე პენალტი გაუტანა, თუმცა ამით “ბალმაზუივაროში” მარცხისგან ვერ იხსნა (1:2). არაბულმა 90 წუთი ითამაშა და გოლამდე, 38-ე წუთზე გაფრთხილებაც მიიღო. რაც შეეხება ირაკლი მაისურაძეს, იგი სტუმართა შორის მინდორზე 82-ე წუთიდან ვიხილეთ. ქართველების გუნდს 6 თამაშში 5 ქულით მეათე ადგილი უკავია.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგას დაუბრუნდა გიორგი ქვილითაია – ქართველი ფორვარდი “რაპიდის” სასტარტო შემადგენლობაში იყო გრაცის “შტურმის” წინააღმდეგ და მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა. “რაპიდმა” კი შინ ლიდერთან 1:2 წააგო და სიტუაცია გაირთულა – ქვილითაიას გუნდის მონაგარი 5 ტურში ამდენივე ქულა და მეექვსე ადგილია.

პოლონეთის ექსტრაკლასაში “პოგონმა” “არკა” გასვლაზე 3:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, რომელიც დაცვის ცენტრში დამაჯერებლად მოქმედებდა. ქართველმა 72-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. განაცხადში ამჯერადაც ვერ მოხვდა მათე ცინცაძე, ისევე როგორც მასპინძელთა რიგებში ლუკა ზარანდია. “არკას” 6 ტურის მერე 7 ქულით მეცხრე ადგილი უკავია, ხოლო “პოგონიც” იქვეა – 7 ქულა და მერვე საფეხური.

ტრავმა მოშუების შემდეგ მეორედ ითამაშა ნიკა კაჭარავამ – ქართველი თავდამსხმელი “პიასტთან” გასვლით მატჩში გამოჩნდა მოედანზე და ბოლო 27 წუთი ითამაშა. “კორონა” კი მეტოქესთან დამარცხდა – 0:2. “კორონას” 5 ქულა აქვს და მეცამეტეა.

0.134489