საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურმა სტარტი ბათუმში, აჭარული დერბით აიღო – “დინამომ” გათამაშების აუტსაიდერ “შუქურას” უმასპინძლა და მძიმედ, მაგრამ მაინც აჯობა – 3:2.
შეხვედრა თავიდანვე კონსტანტინ ფროლოვის გუნდის უპირატესობით დაიწყო და ეს ანგარიშიც აისახა: პირველი სახიფათო იერიში სუხიაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა. თამაში მერეც მასპინძელთა კარნახით გაგრძელდა და ანტრაქტზე “დინამო” დიდი უპირატესობით გავიდა. იაროსლავ კვასოვმა და ნიკა მგელაძემ ანგარიშს განადგურებელი სახე მისცეს – 3:0.
თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ მეორე ნახევარში გიორგი შაშიაშვილის შეგირდებმა ბრძოლინურიანობა გამოავლინეს – ჩაგელიშვილმა პირველივე წუთზე, ხოლო მეორე ნახევარის შუაში მარსელინომ ორი გოლი გაქვითეს. “შუქურას”, რომელსაც ქულები ჰაერივით სჭირდებოდა, საკმარისი დრო ჰქონდა მატჩის გადასარჩენად, მაგრამ ქობულეთურმა გუნდმა სასწაული ვეღარ მოახდინა.
“დინამომ” ორმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა და სატურნირო ცხრილში ოდნავ ამოისუნთქა. აი, “შუქურას” საქმე კი ძალზე მძიმეა და საეჭვოა ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხოს.
“დინამო” (ბათუმი) – “შუქურა” 3:2
ბათუმი, “რაგბი არენა”
“დინამო”: შოვნაძე, ფარტენაძე, მახარაძე, შონია, სუხიაშვილი, ჩოგაძე, გრიგალაშვილი (თევდორაძე 79), მგელაძე, არზიანი (ვარშანიძე 61), კვასოვი, კვანტალიანი (ფლამარიონი 87)
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
“შუქურა”: მილნიჩენკო, ჩადუნელი, ჩაგელიშვილი, ჯეფინიო, კლიმიაშვილი, მარსელინიო (გოგიაშვილი 84), გურული (თუხარელი 65), კახელიშვილი (შალამბერიძე 78), დასსე, გოგიტიძე, ჩაჩუა
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გოლები: 1:0 სუხიაშვილი (2), 2:0 კვასოვი (33), 3:0 მგელაძე (44), 3:1 ჩაგელიშვილი (46), 3:2 მარსელინიო (68)
გაფრთხილება: არზიანი (40), კვანტალიანი (50), ვარშანიძე (86) – კახელიშვილი (49)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი