იტალიურმა “მილანმა” ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში მაკედონიური “შკენდია” საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურა. აღნიშნული თამაშის შემდეგ “როსონერის” ახალწვეულმა და კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ კომენტარი გააკეთა.
30 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ჯერ მატჩი შეაფასა, მერე კი თქვა, რომ “იუვენტუსს” “მილანის” უნდა ეშინოდეს.
“ეს იყო შესანიშნავი ემოცია, განსაკუთრებით პირველ წუთებში. ნაჩვენები შედეგი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მატჩამდე თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ მოედანზე ადვილი მეტოქე არ არსებობს და ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავით მოსაგებად”, - ასე შეაფასა ბონუჩიმ “შკენდიასთან” შეხვედრა.
გარდა ამისა, ბონუჩის კომენტარი “იუვენტუსის” გენერალური დირექტორის ჯუზეპე მაროტას სიტყვებზეც სთხოვეს, რომელმაც განაცხადა, რომ “მილანი” “ბებერი ქალბატონის” კონკურენტი იქნება სკუდეტოსთვის ბრძოლაში:
“ეს სასიამოვნო მოსასმენია და ნიშნავს, რომ მათ ჩვენი ეშინიათ. თუმცა, ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშავოთ, “იუვეს” დონეს რომ მივაღწიოთ”, - დასძინა ლეონარდომ.
შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი “მილანში” მიმდინარე ზაფხულს გადავიდა 40 მილიონ ევროდ, მანამდე კი 7 წელი “იუვენტუსის” შემადგენლობაში თამაშობდა.