ფეხბურთი

22:05 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო "მილანში" მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილოა

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო ყოფილი კლუბის, “მილანის” ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. “შევას” განცხადებით, “როსონერის” არანაირი გეგმა ჩამოყალიბებული არ აქვს და ამიტომაც, რთულია იმაზე საუბარი, თუ რას მიაღწევს ახლო მომავალში.

“არ ვიცი რას უნდა ველოდოთ “მილანისგან”. არსებობს წარმატების მიღწევის ორი გზა: ერთი დაგეგმილი და მეორე სპონტანური. ჩემთვის გაუგებარია “მილანის” მეპატრონეთა მიზნები, მათ არანაირი გეგმა არ გააჩნიათ. ვინჩენცო მონტელა ახალ ხედვაზე და სტრატეგიაზე სწრაფად უნდა გადავიდეს, რადგან “მილანს” ზედმეტად ბევრი ახალწვეული ჰყავს.

ნამდვილად არ ვიცი, როგორია “მილანის” მომავალი, მაგრამ მინდა კლუბს საუკეთესო ვუსურვო, რადგან ჯერ კიდევ ჩემს გუნდად მივიჩნევ”, - განუცხადა შევჩენკომ Football.ua-ს.

შეგახსენებთ, ანდრეი შევჩენკო “მილანის” ღირსებას 1999-2006 და 2008-2009 წლებში იცავდა და თავისი სახელი ოქროს ასოებით შეიტანა “როსონერის” ისტორიაში. რაც შეეხება დღევანდელ “მილანს” – მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე უკვე 10 ფეხბურთელი დაიმატა და ძირითადი შემადგენლობა ფაქტობრივად სრულიად განაახლა.

0.107886