ფეხბურთი

18:12 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ამბებზე

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია (თფფ), როგორც აქამდე, წლეულსაც არაერთ ჩემპიონატს ატარებს. ცნობილი ელიტ-ლიგა, ანუ 14 წლამდე ბავშვებისთვის საუკეთესო ჩემპიონატი; თბილისის ლიგა, რომელსაც ადრე მერიის თასი ერქვა; ღია ლიგა, ანუ ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეხუთე ლიგა.

თფფ-ის პრეზიდენტი კვლავაც თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი გრიგოლ ცაავაა: ერთ დროს უნიჭიერესი ქართველი მოთამაშე და კაცი კარგი რეპუტაციით. დღეს ცაავა ჩვენი რესპონდენტია. თფფ-ის გენერალური მდივანია გია ძამუკაშვილი, ხოლო სამსაჯო განყოფილების უფროსი - ოთარ გუნთაძე. ისინიც, ათწლეულებია, ფეხბურთში საქმიანობენ.

- როგორც იცით, ჩვენი ეგიდით არა მხოლოდ თბილისის, აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებიც გამოდიან. რუსთავის, თელავის, ახმეტის, გურჯაანის, გორის, ხაშურის და ა.შ. ბევრ გუნდს უჭირს ფინანსურად, არის მოედნის პრობლემები. ზოგიერთს აქვს მოედნები, მაგრამ ცუდ მგომარეობაში, - გვითხრა ცაავამ.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან გაქვთ შეხვედრები?

- რა თქმა უნდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვესაუბრა და დახმარებას დაგვპირდა. საქმიანი საუბარი იყო. ფედერაციამ განათლების სამინისტროსთან ერთად, ძალიან კარგი პროექტი დაიწყო, რომელიც საჯარო სკოლებში ფეხბურთის გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. ეს ბავშვებისთვის ხომ კარგია და სკოლებში მასწავლებლებსაც მისცემს დონის ამაღლების საშუალებას.

- სულ რამდენი გუნდი და რამდენი ფეხბურთელი მონაწილეობს თქვენი ეგიდით გამართულ ჩემპიონატებში?

- 250 გუნდი და 3200-მდე ფეხბურთელი. მაგალითად, ელიტ-ლიგას ცხრა ასაკში ვატარებთ.

- წინა წლებთან შედარებით, ფეხბურთელთა რიცხვმა იმატა თუ იკლო?

- იმატა.

- ღია ლიგის გარდა, უფროსი ასაკის რომელიმე ტურნირს ატარებთ?

- არა, ღია ლიგის გარდა, მხოლოდ ბავშვებსა და ჭაბუკებში ვართ. ღია ლიგიდან რეგიონულ ლიგაში ავტომატურად გადავა ორი გუნდი. გარდა ამისა, როგორც იცით, ჩვენი ეგიდით ყოველწლიურად იმართება უფროსი ნოდარ ახალკაცის ფესტივალი. წლეულს მაისში მეათედ ჩატარდა. კიდევ, მესამედ ჩავატარეთ "მომავლის თასი-ივიკო".

0.113985