ფეხბურთი

14:24 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოს წინ: ძველი თუ ახალი სცენარი?..

ორი დღეც და კალჩო სტარტს აიღებს – ვინც არ იცით, გეტყვით, რომ კალჩო იტალიური სიტყვაა და ქართულად ფეხბურთს ნიშნავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იტალიის სერია A-ს 2017-2018 წლების სეზონი კარს მოგვადგა.

რა თქმა უნდა, ახლა აპენინელთა მთავარი ჩემპიონატი ისეთ დონეზე ვერ დგას, როგორც 90-იანი წლებში ან თუნდაც 10 წლის წინ, მაგრამ როგორც უნდა იყოს, მაინც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შიდა პირველობაა მსოფლიოს მასშტაბით.

დამდეგი სეზონი კი წინამორბედებზე ერთიორად მიმზიდველად მოსჩანს – ფავორიტი ერთია, მაგრამ არა ისეთი გამოკვეთილი, როგორც ბოლო წლებში იყო.

ჩემპიონი, ფავორიტი და ბევრი კითხვის ნიშანი...

ორი აზრი არაა, რომ დღეს ტურინის “იუვენტუსი” სამშობლოში სხვებზე წინაა. მაგრამ, მაინც ისმის ერთი კითხვა: ხომ არ ამოწურა ამ ფორმაციის “ბებერმა ქალბატონმა” თავისი შესაძლებლობები და ხომ არ დადგა დრო წერტილი დაესვას მის ბატონობას კალჩოზე? – ეს კითხვა კი სატრანსფერო ბაზარზე მომხდარმა მოვლენებმა გააჩინა. “იუვე” ორმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა – თუ დანი ალვეში ტურინში მხოლოდ ერთი სეზონი იყო (მაგრამ ძალიან დიდი როლი შეიტანა შარშანდელ წარმატებებში), ლეონარდო ბონუჩი იმ “იუვენტუსის” ნამდვილი სიმბოლო და სახე გახლდათ, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ და რომელმაც ისტორია დაწერა – ზედიზედ 6 სკუდეტო მოიგო. ბონუჩის წასვლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა – თუმცა, რეალურად ცა მოწმენდილი არ ყოფილა “იუვესა” და ბონუჩის თავზე. ამიტომაც, 7-წლიანი სიყვარულის ისტორია დასრულდა და ახლა ლეონარდო მოწინააღმდეგის ბანაკშია, თანაც კაპიტნის რანგში.

რეალურად მასიმილიანო ალეგრის გუნდს ბონუჩის შემცვლელი ჯერაც არ უყიდია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არც იყიდის. ტურინში ჯორჯო კიელინის, მედჰი ბენატიას, ანდრეა ბარძალისა და დანიელე რუგანის ეიმედებათ. იტალიელ სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ამ უკანასკნელს მოუწევს ბონუჩის შეცვლა – ფაქტი ერთია: მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელის შეცვლა ასეთი მარტივიც არ იქნება და “იუვეს” აუცილებლად მოუწევს ტკივილის ატანა. დანი ალვეშის მაგივრად კი მატია დე შილიო მივიდა. “მილანის” ყოფილი მცველი ჯერაც იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ დანი ალვეშამდე ძალიან ბევრი უკლია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტურინელთა ბოლო წლებში სახელგანთქმული დაცვა ფაქტობრივად აღარ არსებობს – ბევრი კითხვა ჩნდება. ეს კარგად გამოაჩინა წინასასეზონო მოსამზადებელმა ეტაპმა, სადაც “იუვეს” კარი მშრალად არ შეუნახავს. დაცვა იყო ყველაზე სუსტი რგოლი იტალიის სუპერთასზეც და მეტწილად მატია დე შილიო – “ლაციოს” დარჩა საბოლოოდ ტიტული – 3:2.

სამაგიეროდ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალეგრის გუნდი გაძლიერდა წინა ხაზში: ფედერიკო ბერნარდესკის შესაძლებლობები, ვინც კალჩოს აქტიურად ადევნებს თვალს, ყველას ეცოდინება. “ფიორენტინამ” 40 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ბერნარდესკიმ “იუვენტუსის” 33-ნომრიანი მაისური. მოვიდა დუგლას კოშტაც, რომელმაც წესით მარჯვენა ფლანგი უნდა ჩაიბაროს. აღსანიშნავია ისიც, რომ “ბებერმა ქალბატონმა”, ბევრი სპეკულაციების მიუხედავად, პაულო დიბალა შეინარჩუნა და მეტიც – ტურინში ასე მნიშვნელოვანი 10 ნომერი ამიერიდან მისი საკუთრებაა. შევსებაა შუა ხაზშიც – ბლეზ მატუიდი.

მოკლედ, დაცვის ხაზს თუ არ ჩავთვლით, “იუვე” არათუ დასუსტდა, არამედ გაძლიერდა კიდეც, მაგრამ უკანა ხაზის პრობლემები მაინც ტოვებს კითხვის ნიშნებს. და მაინც, დღევანდელი გადმოსახედიდან “იუვენტუსი” ჩემპიონატის სტარტზე ყველაზე კარგ სიტუაციაშია და მთავარი ფავორიტიცაა. დანარჩენს სეზონი გამოაჩენს და ყველა იმ კითხვას, რომელიც ახლა ისმის, სწორედ სეზონი გასცემს პასუხს.

იქნებ, ახლა მაინც...

ყოველი სეზონის წინ აურელიო დე ლაურენტისი ერთი და იგივეს ამბობს: სკუდეტო ჩვენი იქნება. გადის წლები, მაგრამ ძალზე სიმპათიური “ნაპოლის” მაქსიმუმი ხან მეორე ადგილია, ხანაც – მესამე. დე ლაურენტისი ახლაც იქადნება, რომ მისი გუნდი ნანატრ ჩემპიონობას იზეიმებს. ამის თქმის საფუძველს კი მას, გარდა “იუვენტუსში” მიმდინარე პროცესებისა, საკუთარი გუნდიც აძლევს – “ნაპოლიმ” ყველა წამყვანი ფეხბურთელი შეინარჩუნა. მაგრამ, ისიც სათქმელია, რომ შევსება თითქმის არ მიუღიათ. ისე, სპეციალისტები “იუვენტუსის” მთავარ კონკურენტად სწორედ “ნაპოლის” ასახელებენ.

ჩინური BOOM!

ყველაზე საინტერესო ახალ სეზონში მაინც ისაა, როგორ იასპარეზებს “მილანი” – იოჰონგ ლიმ და მისმა კომპანიამ სატარანსფერო ბაზარზე ცხელ ზაფხულში ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “მილანის” სასტარტო თერთმეტეული მთლიანად შეცვლილია ორი კაცის გარდა – ჯანლუიჯი დონარუმა და ალესიო რომანიოლი.

საერთოდ, ცალკე უნდა ვახსენოთ დონარუმა: ჯიჯიო დიდი ხანი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობდა და თითქოს “სან სიროც” უნდა დაეტოვებინა, მაგრამ საბოლოოდ, ზღაპარი კეთილად დასრულდა – დონარუმა დარჩა და მეტიც, “მილანში” ახლა ორი დონარუმაა: ჯანლუიჯი და ანტონიო.

მთავარი შენაძენი კი უდაოდ ლეონარდო ბონუჩია – 31 წლის ფეხბურთელი ყველასთვის მოულოდნელად “იუვენტუსიდან” შეუერთდა “როსონერის” და კაპიტნობაც უბოძეს. “მილანის” ტიფოზების ყველაზე დიდი იმედიც სწორედ იტალიის ნაკრების მცველთან ასოცირდება. ბონუჩის გარდა ლომბარდიელებმა ისეთი საინტერესო ფიგურები დაიმატეს, როგორებიც ანდრე სილვა, ფრანკ კესიე, ლუკას ბილია, მატეო მუსაკო, ჰაკან ჩალჰანოღლუ და რიკარდო როდრიგესი არიან. როგორც ამბობენ, “მილანი” ახლოსაა ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერის დახურვასთანაც. მოკლედ დიდი მოლოდინია და გაყიდული აბონიმენტებიც ადასტურებს: 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობა. მიუხედავად ტრანსფერების ასეთი ფურორისა, მავანნი თვლიან, რომ ვინჩენცო მონტელას დრო დასჭირდება ამდენი ახალი ფეხბურთელის ერთ ორგანიზმად გადასაქცევად და გუნდის შეთამაშებლად. ამიტომაც, “მილანის” შანსი ახლა უფრო ფერმკრთალია, ვიდრე “იუვენტუსის”, “ნაპოლისა” და “ინტერის”.

სპალეტის ფაქტორი

დიახ, “ინტერი”, რომელიც ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბარა და რომელმაც საკმაოდ საინტერესო ზაფხული განვლო. “ინტერნაციონალემ” დიდებულად იასპარეზა ამხანაგურ მატჩებში და ძირითადი ბირთვიც სრულად შეინარჩუნა. რამდენიმე საინტერესო შენაძენიცაა “ნერაძურის” რიგებში: მაგალითად ბრაზილიელი დალბერტი და ნიჭიერი სლოვაკი შკრინიარი. “ინტერი” ძალიან ახლოსაა ჟოაო კანსელოს დამატებასთანაც. რაც მთავარია, “ინტერნაციონალე” სხვებთან შედარებით შეთამაშებული უნდა იყოს და ახლა ყველაფერი სპალეტის მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული.

დედაქალაქელები

“რომას” და “ლაციოს” ორი საინტერესო, მზარდი სპეციალისტი უდგათ სათავეში – სიმონე ინძაგიმ ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ იტალიურ სამწვრთნელო სკოლას მისი სახით ძალიან კარგი სპეციალისტი ეზრდება. სეზონი არ დაწყებულა, მაგრამ ინძაგიმ და “ლაციომ” პირველი ტიტული უკვე მოიგეს – იტალიის სუპერთასი, სადაც “არწივებმა” “იუვენტუსს” დიდებულ სტილში აჯობეს. წესით, “ლაციო” დამდეგ სეზონში უკეთესი გუნდი უნდა იყოს, ვიდრე გასულ სეზონში. რაც შეეხება “რომას” – “მგლებს” ეუსებიო დი ფრანჩესკო ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ბოლო წლებში “სასუოლოში” წარმატებით იმუშავა. თუმცა, შემადგენლობის მხრივ რომაელები ალბათ უფრო დასუსტდნენ, ვიდრე გაძლიერდნენ – ბოლო 25 წლის შემდეგ “რომა” პირველ სეზონს ჩაატარებს ფრანჩესკო ტოტის გარეშე. ლეგენდარული იტალიელი ამჟამად გუნდის დირექტორატშია. წავიდა მოჰამედ სალაჰიც. ეგვიპტელი კი, ბოლო ორ სეზონში “რომასთვის” ფასდაუდებელი ფიგურა გახლდათ. ლორენცო პელეგრინი, ჯენგიზ უნდერი, მაქსიმ გონალონი, ალექსანდრ კოლაროვი, ექტორ მორენო და რიკ კარსდორპი – ეს “რომას” ახალწვეულების ჩამონათვალია.

ვინ იქნება აღმოჩენა?

ვინ ჩაერევა დიდი ექვსეულის ბრძოლაში? – შარშან ასეთი ბერგამოს “ატალანტა” აღმოჩნდა, რომელმაც მთელი სეზონი ფანტასტიკურად ჩაატარა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს. და მაინც, საკითხავია რამდენად მოახერხებს ჯამპიერო გასპერინის გუნდი სტაბილურობის შენარჩუნებას და ორ ფრონტზე წარმატებით თამაშს. წესით “ფიორენტინაც” უნდა მოვიაზროთ შესაძლო აღმოჩენებში, მაგრამ ფლორენციელების თავს ბევრი პრობლემაა და მათ შორის საკადრო. გასული სეზონის ყველაზე ნათელი წერტილი ფედერიკო ბერნარდესკი. თითქმის წასულია ნიკოლა კალინიჩიც. მწვრთნელი ახალია – სტეფანო პიოლი, რომელსაც წარმატებით მუშაობა მაშინ, როცა ამას მისგან არ მოელოდნენ, ნამდვილად შეუძლია და ეს გასულ წლებში დაადასტურა.

და, რა თქმა უნდა “ტორინო” – “ხარებს” ისეთი შემადგენლობა ჰყავთ ბევრს შეშურდება. ანდრეა ბელოტის თუ შეინარჩუნებენ ხომ საერთოდ. სინიშა მიხაილოვის გუნდისგან მართლაც უნდა გვქონდეს სიურპრიზის მოლოდინი და საინტერესოა როგორ ჩაატარებს სერბი მეორე სეზონს ტურინში.

დანარჩენები

დარჩენილი გუნდები კი, ალბათ ცხრილის მეორე ნაწილში უნდა მოვიაზროთ. ყოველ შემთხვევაში, ახლა, ცარიელი ფურცლიდან ასე მოსჩანს. გავარდნის მთავარი კანდიდატებიც სწორედ მათ შორის უნდა ვეძებოთ – სპალ-ი, “ბენევენტო”, “კროტონე”, “ვერონა”...

სერია A-ს 2017-2018 წლების სეზონი შაბათს, 19 აგვისტოს ორი შეხვედრით აიღებს სტარტს: ჯერ ტურინში “იუვენტუსი” “კალიარის” დაუხვდება, ხოლო შემდეგ “ვერონა” – “ნაპოლის”.

0.120893