ფეხბურთი

17:46 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

თავდამსხმელი ჩიკვილაძე: "მთავრობაში ამდენი ფეხბურთელი არასოდეს გვყოლია და იმედია, სასიკეთოდ წავა საქმე"

საქართველოს ლიგა 3-ში 30 წელს გადაცილებული არაერთი ფეხბურთელი თამაშობს. ისეთებსაც შეხვდებით, წლების განმავლობაში ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოებიც რომ იყვნენ თავიანთ პოზიციაზე. მაგალითად, თენგიზ ჩიკვილაძე "ჭიათურაშია", ეს გუნდი კი ლიგა 3-ში ერთ-ერთი საუკეთესოა: დასავლეთის ზონაში პირველ ადგილზე გავიდა და აქვს შანსი, რომ ლიგა 2-ში გადავიდეს.

საინტერესოა, რომ 34 წლის ჩიკვილაძე... თავდამსხმელად თამაშობს და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 6 გოლით. ის ყველას ცენტრალურ, ან მარცხენა მცველად ახსოვს, ასე იყო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, "სიონში", "ამერში", "დინამოში", "ტორპედოში" და სხვა კლუბებშიც.

თენგიზ ჩიკვილაძემ ჩვენთან ინტერვიუში ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე გამოთქვა აზრი:

- ჯერ "ჭიათურაზე". როგორ მიდის ცხოვრება ამ კლუბში?

- სეზონის წინ არ იყო იმაზე საუბარი, მაინცდამაინც ლიგა 2-ში უნდა გადავიდეთო, თუმცა თამაშებმა გვაჩვენა, რომ ეს რეალურია და შანსი გვაქვს. კლუბს ჰყავს კარგი პრეზიდენტი ახალგაზრდა ნიკა ბადურაშვილის სახით და ასევე, მონდომებული მწვრთნელი მიხეილ კიპაროიძე. ბადურაშვილმა ჭიათურაში მოსვლის დღიდან იმდენი დახარჯა, უმაღლესი ლიგის ზოგიერთ კლუბს რომ არ დაუხარჯავს. თავად ბადურაშვილი ბიზნესმენი არაა, მაგრამ ადგილობრივი ბიზნსსექტორი დააინტერესა და მათი დახმარებით რიგდება პრემიალურები.

- კლუბი, როგორც ვიცით, გამგეობას ეკუთვნის.

- დიახ, მაგრამ მიმდინარეობს საუბარი განკერძოებაზე და კარგი იქნება, თუ ასე მოხდება. ბადურაშვილი მოწადინებულია. ასე უფრო დაინტერესდება ადგილობრივი ბიზნესსექტორი. და ჭიათურას ნამდვილად აქვს იმის სახსრები, რომ ძლიერი გუნდი ჰყავდეს არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ სპორტის სხვა სახეობებში. ქალაქში ხომ მანგანუმის საბადოა და როგორც ვიცი, ქვეყნის ბიუჯეტის საკმაო ნაწილი ჭიათურიდან ივსება. გამგეობაზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი, გვეხმარება. სტადიონთან ახლოს არის კომპლექსი, ერთ შენობაშია აუზი, ტრენაჟორები და საუნა. მგონი, თბილისის "დინამოს" გარდა, სამივე ერთად არცერთ კლუბს არ აქვს. თუმცა კლუბის განკერძობა ბევრად წინ წაიყვანს საქმეს.

- გასაგებია. მცველად გვახსოვხარ და თავდასხმაში როგორ აღმოჩნდი?

- ბავშვობაში ვთამაშობდი თავდამსხმელად. "ავაზაში", "XXI საუკუნეში", "ოლიმპიკშიც"... ერთ-ერთ ტურნირზე ჩემპიონიც გავხდი და საუკეთესო ბომბარდირიც. ისედაც, როცა მცველად ვთამაშობდი, ბევრი გოლი გამქონდა. სულ მეტოქის კარისკენ მიმიწევდა გული.

- კარიერაში ყველაზე სასიამოვნოდ რომელ პერიოდს იხსენებ?

- ქუთაისის "ტორპედოში" გატარებულ სეზონებს. მაშინ "ვისოლის" ხელში გადავიდა კლუბი და კარგი შემადგენლობაც შეკრიბა. მანამდე თბილისის "დინამოშიც" კარგი სეზონი მქონდა, ბევრი გოლიც გავიტანე.

- ახალგაზრდული წლები... დღევანდელ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და მთლიანობაში, ეროვნულ ჩემპიონატში მიმდინარე პროცესებზე რას იტყვი?

- გვყავს კარგი თაობები, რაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმაც გამოაჩინა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩაკვეტაძეს ან კუციას რომელიმე შვედი, ან ჩეხი სჯობდა. ყველა ფეხბურთელი 17-18 წლის ასაკში უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებს, რადგან ზოგი გვიან იხსნება. მწვრთნელიც ვერ ენდობა ჭაბუკს იმიტომ, რომ შედეგს სთხოვენ. ამ ჭაბუკებისთვის კი უნდა იყოს ალტერნატივა: ვერ მოხვდა უმაღლესი ლიგის გუნდში? ითამაშოს მაგალითად, მესამე, ან მეოთხე ლიგაში. მესამე ლიგაშიც ბევრ 17 წლის ბიჭს გაუჭირდება. მეოთხეში იდეალური იქნებოდა. თუმცა უკვე ის დონე არაა, არც ხელფასია. არადა, გადავხედოთ, გერმანიაში ან იტალიაში ჭაბუკები დაბალი ლიგებიდან იწყებენ.

- მესამე-მეოთხე ლიგაში თამაშს, ბევრი ისევ კარიერის დასრულებას ამჯობინებს.

- ასე არ უნდა ხდებოდეს, ამ დაბალ ლიგებშიც ნორმალური ხელფასი უნდა იყოს. სხვაგვარად, რა ქნას ჭაბუკმა ფეხბურთელმა? 10 წლის განმავლობაში რისთვის იარა ფეხბურთზე? რისთვის გადადო სიამოვნებები გვერდზე? რატომ არ დადიოდა დაბადების დღეებზე? რატომ იძინებდა ათ საათზე? რატომ აძლევდნენ ამხელა ფულს მშობლები ბუცებში? ხომ უნდა უღირდეს ეს ყველაფერი?! ამიტომაც ვაწყდებით მძიმე სურათს.

..."სამტრედიამ" "ყარაბახთან" ჯამში 0:6 წააგო. საოცარი არაფერი მომხდარა. ზოგმა ისე გამოიყვანა, თითქოს აზერბაიჯანელი ფეხბურთელი ქართველს ანადგურებს. ფულმა მოუგო უფულობას. "სამტრედიას" ბიუჯეტი მილიონი ლარია, "ყარაბახისა" კი - 50 მილიონი დოლარი. საბჭოთა კავშირის დროს, როცა ყველანი თანაბარ პირობებში იყვნენ, ქართველებს კავკასიელ ბრაზილიელებს ეძახდნენ.

...მთავრობაში ამდენი ყოფილი ფეხბურთელი არასოდეს გვყოლია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ფეხბურთი წინ წამოიწიოს. იმედია, დაიწყება ის პროცესი, რაც ბიზნესსექტორს კლუბში მისვლის სტიმულს გაუზრდის.

0.149353