სხვა

17:19 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატს მაღალი შეფასება მისცა

16 აგვისტოს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა სამინისტროს ესტუმრა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს და მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ, ისაუბრეს თბილისში მიმდინარე 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასევე საქართველოში ხელბურთის განვითარების გეგმებზე და ხელბურთის ფედერაციის და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივ პროექტებზე. ჰასან მუსტაფამ აღნიშნა, რომ თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დოქტორი ჰასან მუსტაფა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას 2000 წლიდან ხელმძღვანელობს. წლების წინ მას ეგვიპტის კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, იყო საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ეგვიპტის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. საქართველოს დედაქალაქი 8 აგვისტოდან ჭაბუკთა (U19) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. 24-გუნდიანი ჩემპიონატის ფინალი კვირას, 20 აგვისტოს გაიმართება.

ხელბურთში ამ დონის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობის დებიუტანტია. გუნდს ბექა ორჯონიკიძე და უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი პორტნოი წვრთნიან. ქართველმა ჭაბუკებმა B ჯგუფში ასპარეზობა დაასრულეს და დღეიდან პრეზიდენტის თასისთვის ითამაშებენ. ალჟირთან 28:24, იაპონიასთან 22:30, ისლანდიასთან 25:42, გერმანიასთან 25:41, ჩილესთან 24:29 - ასეთი იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შედეგი ჯგუფში.

msy.gov.ge

0.110282