საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ფიბა-ს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცე 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონს მასპინძლობს, სადაც პარალელურად ფიბა-ს ყველაზე პრესტიჟული სამწვრთნელო პროგრამა - FIBA Europe Coaching Certificate (FECC) ხორციელდება.
მონტენეგროში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სუპერლიგის კლუბ „ოლიმპის“ მწვრთნელი დავით როგავა და ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელი დიმიტრი ჟაკობოვი გაემგზავრნენ. FECC სამწლიანი პროგრამაა, რომელიც პერიოდულად ზაფხულობით, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების პარალელურად მიმდინარეობს. მონტენეგროში წლეულს პროგრამის პირველი ნაწილი ტარდება, მომავალ წელს ამ პროგრამის მონაწილენი უკვე კონტინენტის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე შეიკრიბებიან, ხოლო დასკვნითი, მე-3 ნაწილი, რის შემდეგაც ფიბა-ს სამწვრთნელო სერთიფიკატები გაიცემა, 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმართება.
FECC-ის პროგრამის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. მონაწილეეებს დილიდან სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში უწევთ თეორიული სემინარების მოსმენა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზებში, თეორიული მეცადინეობებისთვის ინაცვლებენ. საღამოს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დღის ცენტრალურ მატჩებს ესწრებიან და ევროპელ სპეციალისტებთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკურ თუ სათამაშო კომპონენტებს განიხილავენ.
პროგრამაში წამყვანი ევროპელი მწვრთნელები მონაწილეობენ, რომელთაგან გამოსარჩევია სერბი სვეტისლავ პეშიჩი. დავით როგავა და დიმიტრი ჟაკობოვი მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩებიან, რის შემდეგაც პროგრამის პირველ ნაწილს დახურვენ, სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საქართველოს ჩემპიონატებში გამოიყენებენ და დახვეწავენ. მომავალ წელს FECC-ის პროგრამის ფარგლებში მათი ახალი გამოწვევა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ელით.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია არსებული რესურსით FECC-ისა და სხვა პროფილის სამწვრთნელო პროგრამებში აქტიურ ჩართულობას გეგმავს, რაც მომავალში ახალგაზრდა მწვრთნელების მოზიდვისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების საიმედო გარანტი იქნება.
gbf.ge