სხვა

18:18 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილი: “ჩემი მიზანი ეროვნულ ნაკრებში თამაშია”

საქართველოში მიმდინარე 19 წლამდე ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატმა ხელბურთში, ქართველ გულშემატკივარს ამ ასაკის ნაკრების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა. სამწუხაროა, რომ ბექა ორჯონიკიძის გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, თუმცა ასეთი რანგის ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და განვითარებას ხელს ნამდვილად შეუწყობს.

WORLDSPORT.GE შეეცდება უფრო ახლოს გაგაცნოთ საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრების 16 ნომერი, მეკარე გიორგი ხარაიშვილი.

გიორგიმ სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში 15 წლის ასაკში დაიწყო თბილისის ხელბურთის კლუბ “იმედში”, რომელიც საქართველოს წლევანდელი სეზონის ჩემპიონი გახლავთ.

ჩვენთან საუბარში ყვება, რომ ხელბურთამდე ბედი კალათბურთში სცადა, თუმცა დიდი კონკურენციის გამო შეეშვა და ძალები ხელბურთში მოსინჯა.

სანამ მეკარეობას აირჩევდა, ყველა პოზიციაზე ითამაშა, თუმცა ბოლო გაჩერება კარებში აღმოჩნდა.

მის სამომავლო გეგმებში ეროვნული ნაკრები და ევროპის მაღალ ლიგაში თამაშია.

- პირველი ნაბიჯები ხელბურთში...

- პირველ ყოვლისა ვეძებდი სპორტის ისეთ სახეობას, რომელიც დარბაზში ტარდება. ჯერ არჩევანი კალათბურთზე შევაჩერე, სადაც ძალიან დიდი კონკურენცია იყო. შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე ხელბურთზე, ვნახე ხელბურთის ვარსკვლავები და დავინტერესდი სპორტის აღნიშნული სახეობით.

15 წლის ასაკში მივედი თბილისის ხელბურთის კლუბ “იმედში”, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონია და სწორედ აქიდან დაიწყო ჩემი ხელბურთში ასპარეზობა.

- რატომ მეკარეობა? თუ გისინჯავს სხვა პოზიციაზე საკუთარი თავი?

- როდესაც ხელბურთში იწყებ ვარჯიშს, პირდაპირ კარებში არავინ გაყენებს. ეს ინდივიდუალურია და გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. რამოდენიმე პოზიციაზე მოვსინჯე თავი და რომელიც ყველაზე კარგად გამომივიდა, იქ დავრჩი. მოგეხსენებათ, მეკარეობა ძალიან საპასუხისმგებლოა იმიტომ, რომ გუნდის 50%-ს შეადგენს. ამ ფაქტორმა შერჩევისას ძალიან დიდი როლი ითამაშა.

- დიდი გამოწვევა იყო თქვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. როგორ შეაფასებდი ტურნირს?

- ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეს ტურნირი ჩვენთვის. მითუმეტეს, რომ საკუთარ კედლებში გვიწევდა თამაში. ეს დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური გავაკეთეთთქო ვერ ვიტყვი, რადგან აშკარად მეტი შეგვეძლო.

- მაშინ როცა ჯგუფიდან გასვლასთან ერთ ნაბიჯში იყავით, რა მოხდა ჩილესთან მატჩში?

- ეს შეცდომები ტექნიკურ მომზადებას უკავშირდება. მატჩის არბიტრებისგანაც იყო უზუსტებები, მართალია ვერ ვიტყვი, რომ ამან თამაშის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ შეგვეძლო იმ ანგარიშის დაფიქსირება, რომელიც ჯგუფიდან გაგვიყვანდა.

- პირველი და მეორე ტაიმის ფაქტორი. 5 ჩატარებული მატჩიდან 3-ჯერ მოვიგეთ მეორე ტაიმი. უმეტესად ეს პირიქით ხდება ხოლმე. რა იყო მიზეზი?

- დავალება არის ყოველთვის საწყისი და საბოლოო 10 წუთის მაქსიმალურად მაღალ დონეზე თამაში, რაც გამოდიოდა მეორე ტაიმში. პირველ ტაიმზე იმას ვიტყვი, რომ თამაშში შესვლა და დაძაბულობის მოხსნა გვიან ხდებოდა. ეს ალბათ სახლში თამაშმა გამოიწვია. შესვენებისას შეცდომები ანალიზდება და უკეთ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა მეორე ტაიმში. ალბათ ესაა მიზეზი.

- გულშემატკივრის ფაქტორი რამდენად იყო?

- მადლობას გადავუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა. განსაკუთრებით ბოლო თამაშში.

- პრეზიდენტის თასს რამდენად სერიოზულად უყურებთ და რას ელით ამ გათამაშებისაგან?

- ჩვენი მეტოქე ნორვეგიაა, საკმაოდ ძლიერი გუნდი. ამ ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია და ძალიან მიკვირს, რომ ეს გუნდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა. ჩვენ ვეცდებით დავალება შევასრულოთ და მოსაგებად გავიდეთ.

- საინტერესოა ამ ტურნირზე რომელი მატჩი იყო შენთვის დასამახსოვრებელი და რატომ?

- რა თქმა უნდა პირველი მატჩი ალჟირის წინააღმდეგ, სადაც გავიმარჯვეთ. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს იგებ, ეს უკვე გამორჩეულია. ასევე გამოვყოფდი იაპონიასთან მატჩს, სადაც ნორმალურად ვითამაშე.

- რას ურჩევ იმ ბავშვებს, რომელთაც ჯერ ვერ გადაწყვიტეს დაკავდნენ ხელბურთის თამაშით. რა პლიუსი აქვს სპორტის ამ სახეობას?

- ძალიან სწრაფი სპორტია და ეს ჩემთვის პლიუსია. პირველ რიგში რთულია ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც და მგონია, რომ ამ სირთულეების გამოა ეს სპორტი ასეთი საინტერესო. ვურჩევ, რომ გადაწყვიტონ მალე და ივარჯიშონ ბევრი, რადგან ვარჯიშის გარეშე არაფერი გამოვა.

- შენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი მიზანია ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და ევროპის რომელიმე ლიგაში თამაში.

0.117172