ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ სუპერთასზე “ლაციოსთან” წაგებული მატჩის შემდგომ უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. გარდა ამისა, არგენტინელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სურს "იუვენტუსში" კარიერის ბოლომდე დარჩეს.
“შედეგი სამართლიანია, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაგვაკლდა, რათა თამაში შემოგვებრუნებინა.
დამატებითი დრო რომ დანიშნულიყო ჩვენი შანსები განსხვავებული იქნებოდა, თუმცა მათ გამარჯვება დაიმსახურეს.
უნდა გავხდეთ მეტად ბრძოლისუნარიანები, რადგან “იუვენტუსმა” ამ თამაშში სუსტი ხასიათი გამოავლინა. კარგად უნდა მოვემზადოთ შემდეგი თამაშისთვის, რომელსაც “კალიარის” წინააღმდეგ ჩავატარებთ.
პირადად მე ვერ ვიქნები კმაყოფილი მხოლოდ იმის გამო, რომ დუბლი შევასრულე. ვფიქრომ ამ კვირაში გაორმაგებული ძალებით მოგვიწევს მუშაობა, რადგან სერია A-ს გახსნით ტურში მძიმე მატჩი გვექნება. პრეზიდენტი თუ ისურვებს, მზად ვარ "იუვენტუსში" სამუდამოდ დავრჩე”, - უთხრა დიბალამ JTV-ს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის მატჩის 91-ე წუთზე საყაიმო ანგარიში 2:2 ფიქსირდებოდა, თუმცა “ლაციომ” მე-5 დამატებით წუთზე გამარჯვების მომტანი მე-3 გოლი გაიტანა.