ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში მადრიდის “რეალმა” “ნოუ კამპზე” პრინციპული მეტოქე “ბარსელონა” 3:1 დაამარცხა და მორიგ ტიტულს ძალიან მიუახლოვდა.
“ბლანკოსმა” მეტოქე აშკარად დაჯაბდა და სრულიად დამსახურებულად იმარჯვა. უფრო მეტიც, შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო და თუ რატომ, ამაზე ქვემოთ, თანმიმდევრულად ვისაუბრებთ.
დავიწყოთ იმით, რომ პირველი და მეორე ტაიმები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. საწყისი 45 წუთი ძალიან მოსაწყენი გამოდგა და გუნდებს წესიერი მომენტი არ შეუქმნიათ. ტემპიც ძალიან დაბალი იყო და ბევრი წვრილი ჯარიმა იყო, რომელიც თამაშს კიდევ უფრო ანელებდა.
მეორე ნახევარის პირველი ხუთი წუთიც ასეთი გამოდგა. საინტერესო არაფერი ხდებოდა, მაგრამ ხერარდ პიკემ არაფრისგან გოლი შექმნა... ოღონდ საკუთარ კარში და “რეალი” მოულოდნელად დაწინაურდა. გატანილმა გოლმა თამაშის სურათი ნაწილობრივ შეცვალა. მართალია, ბევრი მომენტი კვლავ არ იქმნებოდა, თუმცა გასულმა გოლმა გუნდები გამოაფხიზლა, თამაში დაიძაბა და უკვე იგრძნობოდა რომ ელ კლასიკო მიმდინარეობდა.
“ბარსელონა” ცდილობდა მწვავედ შეეტია, ბევრი კუთხურიც მოაწოდა, რამდენჯერმე კეილორ ნავასიც ჩაერთო საქმეში, თუმცა ისე ნამდვილად ვერ უტევდა, როგორც ამ გუნდისგან ვართ მიჩვეულნი და ეს გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან ნეიმარის საქმე ურთულესი საქმეა და ჟერარ დეულოფეუსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ ყველა შევთანხმდებით, რომ ის ბრაზილიელის სრულფასოვანი შემცვლელი ვერასდროს იქნება.
მასპინძლებმა წონასწორობა 77-ე წუთზე აღადგინეს, თუმცა რამდენად სამართლიანად ეს ცალკე საკითხია. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა რიკარდო ბენგოეჩეამ კეილორ ნავასის მიერ ლუის სუარესის წაქცევის გამო პენალტი დანიშნა, თუმცა როგორც განმეორებაზე გამოჩნდა, კოსტა-რიკელი კიპერი ურუგვაელ ფორვარდს საერთოდ არ შეხებია და ლუისმა ეპიზოდი კარგად გააფორმა, თუმცა ბენგოეჩეამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ აქცია გოლად.
“ბლაუგრანა” მოსაგებად თამაშს აპირებდა, მაგრამ სამ წუთში “რეალმა” დიდებული კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც მასპინძელთათვის ძალიან ცუდად დასრულდა: კრიშტიანო რონალდუმ ხერარდ პიკე ჩამოიშორა და ტერ შტეგენს შორეულ “ცხრიანში” გაუტანა. გატანილი გოლიდან ორ წუთში კი კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი მოხდა: რონალდუ უმტიტისთან ორთაბრძოლაში წაიქცა, თუმცა ბენგოეჩეამ პენალტის დანიშვნის ნაცვლად, პორტუგალიელი მეორედ გააფრთხილა და გასახდელისკენ მიუთითა, რამაც რონალდუ გააცოფა და მსაჯს ხელიც კი კრა. უმტიტის მხრიდან წესების დარღვევა იყო თუ არა, რთული სათქმელია, თუმცა კონტაქტი აშკარად იყო და სიმულაციაზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტია, მაგრამ ბენგოეჩეამ ამჯერადაც ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უკვე არის მსოფლიო პრესაში განხილვის საგანი.
10-კაცით დარჩენილმა “რეალმა” თავი ჭკვიანურად დაიცვა და მომაკვდინებელი კონტრშეტევით მესამე გოლის გატანაც მოახერხა 90-ე წუთზე: ხერარდ პიკე ამჯერად მარკოს ასენსიომ დაიბრიყვა და შემდეგ ბრწყინვალე დარტყმით ტერ შტეგენი უშანსოდ დატოვა – 1:3.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” 16 აგვისტოს გაიმართება.
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, ვიდალი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა (რობერტო 68), რაკიტიჩი (ალკასერი 83), დეულოფეუ (დ.სუარესი 59), მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
რეალი (4-1-2-1-2): ნავასი, ვარანი, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კასემირო, კოვაჩიჩი (ასენსიო 68), კროოსი, ისკო, ბეილი (ლ.ვაზკესი 81), ბენზემა (რონალდუ 58).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
გოლები: 0:1 პიკე (50 ს.კ.), 1:1 მესი (77 პენ.), 1:2 რონალდუ (80), 1:3 ასენსიო (90)
გაფრთხილებები: პიკე, მესი, ბუსკეტსი – კასემირო, ბეილი, კარვახალი, ნავასი, რონალდუ
გაძევება: რონალდუ (82)
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა