ფეხბურთი

21:53 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: სამუშიას შედევრი და ფრე

ეროვნული ლიგის XXII ტურის შეხვედრა როგორც მოსალოდნელი გახლდათ დაძაბული გამოვიდა. დაძაბულობას დრამატიზმიც დაემატა და მთლიანობაში, სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” შეკრებილი ქომაგი ცუდი სანახაობის მომსწრე არ გამხდარა.

მატჩის მთავარი მშვენება მომენტი კი, მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე მოხდა – თუმცა, ამაზე ქვემოთ.

“სამტრედიისა” და თბილისის “დინამოს” მატჩის პირველი ტაიმი შედარებით დუნე ტემპში წარიმართა და ლოგიკურიც იყო, რომ გოლი არ გასულა. საერთოდ, შეხვედრა სამტრედიელთა უპირატესობით წარიმართა და მოგებას უფრო იმსახურებდნენ, უფრო გააზრებულადაც უტვედნენ, ხოლო კახა კაჭარავამ თამაში კონტრშეტევაზე ააგო. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან თბილისელები საკმაოდ კომფორტულ ჰანდიკაპს ფლობდნენ მეტოქესთან შედარებით. თავის მხრივ, “სამტრედია” აქცენტს შეტევაზე აკეთებდა და ადვილი მისახვედრი იყო, გია ცეცაძემ გუნდი მოედანზე მხოლოდ სამი ქულისთვის გაიყვანა.

თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურს, როგორც დაგეგმავ – ამიტომაც თამაშის ბოლოს იმერლები ქულის მოპოვებითაც კმაყოფილინი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მარცხთან ახლოს იყვნენ. ანგარიში 87-ე წუთზე გაიხსნა. დავით ჯიქიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე დაკარგა, რასაც “დინამოს” სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა, რომლის დროსაც ერთადერთი პასი გაკეთდა – ბექა მიქელთაძისკენ. ახალგარზდა ფორვარდმა კი, შეტევაში მარტომ იმოქმედა, თანაც ჩინებულად – ლაშა კასრაძე ადვილად მოატყუა და ომარ მიგინეიშვილის კარიც აიღო. თითქოს ეს გამარჯვების გოლი უნდა ყოფილიყო, რადგან “სამტრედიას” დიდი დრო აღარ ჰქონდა დარჩენილი.

მაგრამ, ჯენერი ხორავამ მატჩს 5 წუთი დაამატა და აქედან პირველი იწურებოდა, როდესაც ვნახეთ გოლი, რომელიც ნებისმიერი რანგის თამაშს დაამშვენებდა – გოლი შედევრი: რაჟამაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ინტერს გიიმ მოიგო საჰაერო ორთაბრძოლა და გამიზნულად დაუგდო ბურთი გურამ სამუშიას – იმერელთა შემტევმა კი, ბევრი არ იფიქრა, ბურთი არც გაუჩერებია ისე გადაგზვანა ულამაზესი მაკრატელა დარტყმით კარში – ნუკრი რევიშვილი ვერაფერს გახდა და სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ბურთი რომ აეღო, ულამაზეს ეპიზოდს ფასი დაეკარგებოდა – 1:1. სამუშიას შედევრით “სამტრედიამ” ქულა გადაარჩინა და მოქმედი ჩემპიონი ლიდერს კიდევ უფრო არ დაშორდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “დინამო” “სამტრედიას” დიდებულად ეთამაშება: 2 მოგება, 1 ფრე. კახა კაჭარავას გუნდი 50 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილზე ისევ “ტორპედო” დარჩა – 44 ქულა, ხოლო “სამტრედიას” 43 ქულა აქვს და მესამეა.

დიდი ალბათობით, სწორედ ზემოხსენებული სამი გუნდი გაითამაშებს მიმდინარე სეზონში საპრიზო სამეულსა და ევროსაგზურებს.

“სამტრედია” – “დინამო” (თბ) 1:1 (0:0)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

მაყურებელი: 2 000

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (მარკოზაშვილი 72), რაჟამაშვილი, ჯიქია (სამუშია 77), გიი, საბანაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“დინამო”: რევიშვილი, შულაია, კობოური, ლოჩოშვილი (კუცია 7), თევზაძე, ქარდავა, ნინუა (ალიუ 90), ჩაკვეტაძე, გეგეჭკორი, მიქელთაძე, კოვტალიუკი (ქოჩლაძე 61)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 მიქელთაძე (87), 1:1 სამუშია (90)

გაფრთხილება: მჭედლიშვილი (79), სამუშია (90) – მიქელთაძე (53), რევიშვილი (55), კუცია (80), ქოჩლაძე (90)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

0.222176