ჩილეს ქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. დღეს გამთენიას, 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გოგონათა ნაკრების წევრმა მარიამ ჭანტურიამ (63 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ინდივიდუალური პირველობის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამივე სინჯის თითო მედალია. შეგახსენებთ, ჩემპიონატის პირველ დღეს ლუკა კაპანაძე (55 კგ) ვერცხლს დაეუფლა.
ლაშა ბექაური ჩილეში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და შეჯიბრების 33 მონაწილეს შორის პირველ ნომრად იყო განთესილი, საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელ დიორდ ნერპელს "ოქროს დროში” აღებული ვაზარით აჯობა. ანალოგიურად სძლია მესამე შეხვედრაში რუსეთის ნაკრების წევრ არმენ აგაიანს. იქამდე კი ბრაზილიელ მარსელო გომესს წუთსა და 16 წამში დაასრულებინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა.
ნახევარფინალში ბექაური პოლონელ ადამ სტოდოლსკის დაეჭიდა და 33-ე წამზე ბრუნით ბეჭებზე დაანარცხა. იპონითვე დააგვირგვინა საჩემპიონო ბრძოლა იაპონელ დაიკი ნაკაჰაშისთან – უძლიერეს მეტოქეს მეოთხე წუთზე შესრულებული მოგვერდით აჯობა.
ლაშა ბექაურის მსგავსად, მარიამ ჭანტურიაც ევროპის მედალოსნის რანგში გავიდა სანტიაგოს ტატამზე. ჩილელი ხავიერა მუნიოსი და ამერიკელი ერიკა პაჩიონე იპონ-იპონ ჩამოიშორა და ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, მომავალ ჩემპიონთან – იაპონელ აიანო იუკისთან მარცხით. უილეთო შეხვედრის ბედი გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა მე-7 წუთის მიწურულს მიიღო.
ჭანტურია რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს გზაზე ორი გამარჯვება მოიპოვა – კოლუმბიელ სინდი მერასთან და ჩრდილოკორეელ სუ იონ კიმთან.
გუშინ მსოფლიოს კონკურენციაში კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი ჩაება. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კიმონოები გოჩა ღვაჩლიანმა და ვლადიმერ ახალკაცმა მოირგეს, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დილის პროგრამაში დაკარგეს. ღვაჩლიანი პირველსავე მეტოქესთან – ფრანგ სერჟ ვილნევ დევილთან დამარცხდა. ახალკაცმა კი ჩემპიონატი იაპონელი ტარანოსუკე ბანდოს იპონით ძლევით გახსნა და მეორე წრეში იპონითვე წააგო ყაზახ სერიკბოლსინ შინტასთან.
ამაღამ მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდება. ვაჟებში 90 და +90 კილოგრამებში, ხოლო გოგონებში – 70 და +70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე - 90 კგ), ალექსი სვიანაძე, ლევან ჭელიძე (ორივე - +90 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).