ფეხბურთი

23:10 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიხარულიძის გოლები და არასასიხარულო ამბები (+VIDEO)

ალიაქოთი სუფევდა და ალიაქოთითვე დასრულდა ეროვნული ლიგის ტურის დღევანდელი თამაში. "მიხეილ მესხის" სათადარიგო მინდორზე თბილისის "ლოკომოტივი" ქუთაისის "ტორპედოს" მასპინძლობდა, 84-ე წუთი მიმდინარეობდა და გიორგი დევდარიანის გუნდი 2:0 ამარცხებდა სტუმრებს.

თავიდან მოვყვეთ. თამაშის პირველ წუთებში, ქუთაისელმა ქომაგებმა ასაფეთქებლბი ისროლეს და ხმამ გააყრუა იქაურობა. თანაც, ისროდნენ იქ, სადაც გვერდითი მსაჯი მოძრაობდა.

მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა (ფიფას კატეგორიის) მატჩი შეწყვიტა. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა სტუმართა ქომაგები. გინების კორიანტელი, ასაფეთქებლების ხმა... 10-12 წუთის შემდეგ გაგრძელდა მატჩი და მალევე, პენალტი დაინიშნა "ტორპედოს"კარში, რომელიც ირაკლი სიხარულიძემ გამოიყენა - 1:0. უნდა ითქვას, პენალტი ცოტა საეჭვო იყო.

ქუთაისელთა ქომაგები გამწარდნენ, შემდეგ "ლოკოს" კარში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. ეს ეპიზოდი პირველ ტაიმში იყო. მეორე ნახევარში სიხარულიძემ მეორე გოლი შეაგდო და 2:0 გახდა ანგარიში.

84-ე წუთზე კი ხელახლა დაიწყეს აფეთქებები. ამას საპასუხოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა თბილისელი გულშემატკივრებისგან. დაიწყო ჩხუბი. ერთი თბილისელი ქომაგი ტრიბუნიდან ჩააგდეს კიდეც და კიდევ კარგი, მინდორზე მყოფმა პიროვნებებმა დაიჭირეს, თორემ რაიმე სახის ტრავმას ნამდვილად მიიღებდა.

მსაჯმა ყრუაშვილმა კვლავ შეწყვიტა მატჩი. მერე, ორ წუთში ჩხუბი დაიწყო ქომაგთა შორის. ქუთაისელთა ქომაგებმა რამდენიმე სკამი გატეხეს და ისროდნენ.

სადისციპლინო კომიტეტის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება და სასჯელის შესახებაც შევიტყობთ. სავარაუდოდ, შედეგი არ შეიცვლება, "ლოკოს" 3 ქულა მიემატება და "ტორპედოს" წაგება ჩაეთვლება, აი, გულშემატკივართა ქცევაზე კი... ვნახოთ, დაველოდოთ სხდომას.

0.123602