კალათბურთი

23:00 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დამაჯერებლად დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის მერიის თასის გათამაშების პირველ მატჩში ჩეხეთის ნაკრები დამაჯრებლად დაამარცხა.

შეხვედრის პირველი პერიოდი თანაბარი გამოდგა და 20:20 დასრულდა, ხოლო მეორე პერიოდში უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა და ტაიმი 45:38 დასრულდა.

მეორე ნახევარმაც ჩვენი გუნდის უპირატესობით ჩაიარა და საქართველოს ნაკრებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იყო მომენტები, როდესაც ჩეხები უკეთესად გამოიყურებოდნენ და უკანასკნელ პერიოდში 11:0-ზე გაქცევაც მოახერხეს, თუმცა მთლიანობაში ქართველი კალათბურთელების უპირატესობა აშკარა იყო და მთელი რიგი შეცდომების მიუხედავად, მასპინძლებმა დამაჯერებელი, 11-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს – 87:76.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო, რომელიც საკუთარ გუნდს 22 ქულით, 7 მოხსნით და 4 გადაცემით შეეწია. ორმაგი დუბლი გაიფორმა ზაზა ფაჩულიამ. კაპიტანმა თავი 14 ქულას, 11 მოხსნას და 8 გადაცემას მოუყარა, გიორგი შერმადინის მონაგარი 14 ქულა და 8 მოხსნაა, ხოლო გიორგი ცინცაძემ 14 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა მოაგროვა.

სტუმართაგან გამორჩეული მარტინ პეტერკა იყო, რომელმაც 19 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის თასის გათამაშების მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები 13 აგვისტოს 18 საათზე კვლავ ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო – ჩეხეთი 87:76 (45:38)

გუნდების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:

საქართველო: დიქსონი, ზაზა, შენგელია, ცინცაძე, მარკოიშვილი

ჩეხეთი: აუდა, პეტერკა, ბოაჩიკი, კრუბანი, სატორანსკი

0.114818