2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ დღეს ფიდე-ს მაღალჩინოსნებს, ვიცე-პრეზიდენტს ისრაელ გელფერს და გენერალურ მდივანს ჯეფრი ბორგს უმასპინძლა.
თბილისში დაგეგმილი მსოფლიო თასი შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე პრესტიჟული იქნება, რადგან მასში მონაწილეობას მიიღებს ფიდე-ს საერთაშორისო რეიტინგში საწყის 25 პოზიციაზე მყოფი მოჭადრაკე. ასეთი რამ ისტორიაში არ მომხდარა.
დღევანდელ შეხვედრას, რომელიც მსოფლიო თასისთვის მზადების გარდა გაისად, ბათუმში დაგეგმილ საჭადრაკო ოლიმპიადასაც შეეხო, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძეც დაესწრნენ.
ფიდე-ს რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ვლადიმირ კრამნიკი, ვიშვანათან ანანდი, ვესელინ ტოპალოვი, უესლი სო, ფაბიანო კაურანა, ჰიკარუ ნაკამურა... ეს იმ საერთაშორისო დიდოსტატების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც 2-28 სექტემბერს თბილისში ითამაშებენ. ორასამდე სპორტსმენს სასტუმრო ჰუალინგ პრეფერენსი უმასპინძლებს. მსოფლიო თასიც იქვე გათამაშდება.
„ფიდე-სთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ასოციაციაა, ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ ქართული ჭადრაკის წარსულს და აწმყოს, მომავალს კი იმედის თვალით შევყურებთ. ფიდე-ს გენერალურ მდივანთან ერთად თბილისს მსოფლიო თასის საორგანიზაციო საკითხების ინსპექტირების მიზნით ვეწვიეთ. თბილისში დაგეგმილი ტურნირი არნახულად ძლიერი იქნება, რადგან მასში რეიტინგის პირველი 25 ლიდერი ითამაშებს, ასეთი რამ კი შეჯიბრების ისტორიას არ ახსოვს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისგან, ბატონ აკაკი ლოდიასგან დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღეთ და ვიმედოვნებ, მსოფლიო თასის გათამაშება უმაღლეს დონეზე ჩატარდება", - განაცხადა ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელ გელფერმა.
„საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა, მომავალ ერთ წელიწადში კი აქ ორი უმაღლესი დონის შეჯიბრება გაიმართება - მსოფლიო თასი და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. ჩვენ თბილისს ამ ტურნირების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ვეწვიეთ, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ეს ღონისძიებები შეუფერხებლად ჩაივლის. ის ინფორმაცია, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ, იმედით აღგვავსებს. მჯერა, რომ თბილისში დაგეგმილი მსოფლიო თასი უმაღლეს დონეზე ჩატარდება, რაც შეეხება საგაისო ოლიმპიადას, ვიმედოვნებ, ისიც ბრწყინვალედ იქნება ორგანიზებული", - განაცხადა ფიდე-ს გენერალურმა მდივანმა ჯეფრი ბორგმა.
„მოჭადრაკეთა მსოფლიო თასი რიგით მეთორმეტე საერთაშორისო შეჯიბრებაა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2017 წელს სახელმწიფო პროექტის Check in Georgia Sport-ის ეგიდით ჩაატარებს. აქამდე მიღებულმა ყველა შეჯიბრებამ საერთაშორისო ფედერაციების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ვფიქრობ, გამონაკლისი არც მოჭადრაკეთა მსოფლიო თასი იქნება. ჩვენთვის ამ ტურნირის მიღება საამაყოა, რადგან თბილისში დაგეგმილი შეჯიბრება უმაღლესი დონისა იქნება, მასში ხომ მსოფლიო რეიტინგის 25 მოწინავე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ნაყოფიერად თანამშრომლობს ფიდე-სთან, ეს შეხვედრაც ამის დასტურია და ვფიქრობ, ეს ურთიერთობა მომავალ ტურნირებზე სათანადოდ აისახება", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი გაისად, 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
msy.gov.ge