ფეხბურთი

17:22 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "სიკეთე შეუმჩნევლად უნდა აკეთო"

რატომ არ ენდობა მასიმო კარერა ჯანო ანანიძეს? რუსულ პრემიერლიგაში ოთხი ტური გავიდა და ანანიძე ოთხივეში მოსკოვის "სპარტაკის" სათადარიგოთა სკამზე გახლდათ. არადა, წინა, სეზონი ჯანოსთვის ურიგო არ ყოფილა.

"სპარტაკის" საიტზე ქართველ ნახევარმცველთან ინტერვიუ გამოქვეყნდა და აქვე, ამონარიდებს გთავაზობთ, რაც ქართველი ქომაგებისთვის არის საინტერესო.

"განწყობა? სეზონის სტარტზე რამდენიმე მატჩში არ მითამაშია. მინდორზე ყოფნა მსურს, მაგრამ შემადგენლობას მწვრთნელი არჩევს. მუდამ ვამბობ, რომ ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ამიტომაც 100 კი არა, 150 პროცენტით ვიხარჯები. ასეთი ფეხბურთელი ვარ - უნდა შევქმნა მომენტები, მეტოქე უნდა მოვატყუო... როცა მინდორზე არ ხარ, ტონუსსაც კარგავ. ამიტომაც, ამჟამად ცუდ მდგომარეობაში ვარ, მერე უკვე გართულდება თამაშში სრულფასოვნად ჩართვა.

...კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ვარ, როცა სისტემატურად ვთამაშობ. სხვაგვარად კი ძალიან გაწბილებული ვრჩები.

...საქართველოში ჩემიანებს ნამდვილი ზეიმი ჰქონდათ, როცა რუსეთის ჩემპიონი გავხდი. ყველანი რესტორნებში დადიოდნენ, თუმცა ჩემს გარეშე: როგორც კი საჩემპიონო თასი ავწიე, ზეიმი მაშინვე დაიწყეს. მეგობრები Viber-ით მიკავშირდებოდნენ, მაჩვენებდნენ, როგორ აღნიშნავდნენ ჩემს გამარჯვებას. ბევრი მილოცვა მივიღე, საქართველოს მთავრობიდანაც კი დამირეკეს. სასიამოვნოა, როცა ამდენი ადამიანი პატივს გცემს!

...მამა? ადრეც ვთქვი, რომ ჩემპიონობა მას მივუძღვენი. სულ მეუბნებოდა, რადგან ფეხბურთი აირჩიე, ბოლომდე მტკიცედ იარეო. ვგრძნობ, რომ ისევ ჩემს გვერდშია. თვეში ორჯერ, ან უფრო ხშირად მესიზმრება. ამასწინათ სიზმარში ჩემთან მოვიდა და მითხრა: "ძმას მიხედე!". ძმა საქართველოში ვარჯიშობს, უკვე 20 წლისაა. ქობულეთში, სახლში მამაკაცებიდან მხოლოდ ის და ბაბუა დარჩნენ. მამაჩემმა მე ბევრი მასწავლა, აი, ჩემს ძმასთან კი ასეთ თემებზე საუბარი ვერ მოასწრო. როგორც უფროსი ძმა, ვცდილობ, რომ გამოცდილება გავუზიარო.

...ჩემი ძმა უფრო მშვიდია. ამ მხრივ დედას ჰგავს, მე კი ემოციური ვარ და მამას დავემსგავსე. ზოგჯერ აგრესიული ვხდები. უმეტესად, მალევე ვმშვიდდები, მაგრამ ზოგჯერ ორი-სამი დღე ვბრაზობ. როცა არ ვთამაშობ, მომდევნო დღეებში არც კი ვიღიმები.

...ოჯახის წევრებს ყველაფერში ვეხმარები. ჩემს ახლობლებსაც არაფერი სჭირდებათ. მინდა, რომ ისინი კარგად ცხოვრობდნენ. ამას იმსახურებენ. საერთოდ, არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, აფიშირებას არ ვახდენ. ასეთი ადამიანი ვარ... ვერ ამიტანია, როცა ადამიანს უჭირს. საქართველოში ერთმა წმინდანმა მამა გაბრიელმა თქვა: "სიკეთე შეუმჩნევლად გააკეთეთ". ანუ, არაა საჭირო სოციალურ ქსელებში გამოჭიმო, ვის როგორ ეხმარები. კარგი საქმე ისე უნდა აკეთო, რომ ამის შესახებ მხოლოდ შენ და ღმერთმა იცოდეთ".

0.149145