ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს. ის გაოცებულია გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, ნახევარმცველი ნემანია მატიჩი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაიყიდა.
„როდესაც კონტე „იუვენტუსში“ იყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას გუნდის გამოსაცოცხლებლად იყენებდა, ბევრ მოთამაშეს ყიდულობდა და წინ მიდიოდა. ვფიქრობ, ახლა ის შეფიქრიანებული იქნება, რადგან გუნდიდან მიდიან კოსტა და მატიჩი. რა თქმა უნდა, იყო შენაძენებიც, მაგრამ კონტეს მეტი უნდა, მით უმეტეს, რომ ახლა „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ჩემთვის ცოტა უცნაურია მატიჩის „მანჩესტერში“ ხილვა. ის „ჩელსისთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და მისი დამსახურებით ფლანგის მოთამაშეები თამამად მიიწევდნენ წინ. კონტემ უნდა მიმართოს კლუბის ხელმძღვანელობას და უთხრას, რომ მეტი მოთამაშეა საჭირო. გუნდს ცენტრალური ნახევარმცველი და ფლანგის მოთამაშეები ჭირდება“ - უთხრა ლემპარდმა Daily Mail-ს.
მიუხედავად ასეთი სატრანსფერო პოლიტიკისა, ლემპარდი ფიქრობს, რომ „ჩელსი“ წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.