ფეხბურთი

11:51 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" MLS-ის ვარსკვლავებს პენალტებით აჯობა (VIDEO)

მადრიდის "რეალმა" ამერიკული ტურნეს ბოლო შეხვედრა MLS-ის ვარსკვლავთა გუნდთან ჩაატარა და პენალტების სერიაში იმარჯვა. ჩიკაგოში, "სოლჯერ ფილდზე" გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ მადრიდელები ბორხა მაიორალის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში დომინიკ დუაიერმა გაათანაბრა, პენალტების სერია კი "სამეფო კლუბმა" 4:2 მოიგო.

მადრიდელთაგან თერთმეტმეტრიანები ზუსტად შეასრულეს ქარიმ ბენზემამ, გარეტ ბეილმა, მატეო კოვაჩიჩმა და მარსელომ, ხოლო MLS-ის ვარსკვლავთაგან დიეგო ვალერისა და დიეგო ალმირონის დარტყმებმა უწია მიზანს, ჯოვანი დოს სანტოსის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა, დუაიერს კი ლუკა ზიდანმა აუღო, რომელმაც "რეალის" შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. ზინედინ ზიდანის ვაჟი ახალ სეზონში მადრიდელთა მესამე მეკარე იქნება, ამ თამაშში ის 72-ე წუთიდან ჩაერთო. სხვათა შორის, მადრიდელთა თავკაცმა ამ მატჩში სამი მეკარე გამოსცადა, თამაში კეილორ ნავასმა დაიწყო, რომელიც 46-ე წუთზე რუბენ იანესმა შეცვალა, მერე კი ლუკას ჯერიც დადგა.

ამით მადრიდელებმა ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს და 8 აგვისტოს, სკოპიეში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ევროპის სუპერთასისთვის იბრძოლებენ, 13 და 17 აგვისტოს უკვე ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" ელით დაპირისპირებები, 20 აგვისტოს კი ლა ლიგის ახალ სეზონს "დეპორტივოსთან" მატჩით გახსნიან.

0.114705