კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე ნეიმარის შესახებ განცხადება გამოაქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფეხბურთელმა ხელმძღვანელობას კლუბიდან წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აცნობა.
“კლუბის ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ნეიმარმა და მისმა აგენტმა, რომლის ფუნქციას ფეხბურთელის მამა ასრულებს, ხელმძღვანელობას აცნობეს კლუბიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კლუბი გატყობინებთ, რომ კონტრაქტის გაუქმება შესაძლებელია საკომპანსაციო თანხის, 222 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, როგორც ეს ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. ნეიმარი ჯერ ისევ “ბარსელონას” ფეხბურთელია, მაგრამ დროებითი ნებართვით ვარჯიშებში არ მონაწილეობს” - აღნიშნულია “ბარსელონას” ოფიციალურ განცხადებაში.
კლუბი იმ სადაო 26 მილიონზეც წერს, რომელიც ფეხბურთელის აგენტს 2016 წელს მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებისას ჰონორარის სახით უნდა მიეღო. კატალონიელთა განცხადებით, თანხის გადარიცხვა შეჩერებულია იმ დრომდე, სანამ საქმე საბოლოოდ არ გადაწყდება.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ნეიმარის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია. ესპანური გამოცემების მტკიცებით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას 3 აგვისტოს გაივლის და ტრანსფერი კვირის ბოლომდე ოფიციალურად გამოცხადდება.