სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

14:50 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნებთან

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა შეხვედრა 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნებთან, მწვრთნელებთან, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიხსენა ფესტივალის პერიპეტიები, შეაფასა ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები და ცალკეული სპორტსმენების გამოსვლა, მადლობა გადაუხადა მედალოსნებს და მათს მწვრთნელებს ნაყოფიერი შრომისა და უნგრეთში მიღწეული წარმატებისთვის.

„ამ ფესტივალზე ჩვენ ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, უკეთესი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. რა თქმა უნდა, საუკეთესოდ გამოვიდნენ ძიუდოისტები - როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. სპორტულ ოსტატობასთან ერთად, მათ გამოავლინეს ბოლომდე ბრძოლის უნარი, რაც ბევრ ჩვენს სპორტსმენს აკლია. სასიხარულოა, რომ გოგონები ტოლს არ უდებენ ბიჭებს. მათ თბილისში ჩატარებული ფესტივალის მსაგავსად, ამჯერადაც ოქროს ორი მედალი აიღეს. როგორც იცით, ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დამატებით შეიტანეს ძიუდოისტთა შერეული გუნდური შეჯიბრება, ასე რომ, ჩვენს გოგონებს მომავალში შანსი ეძლევათ არა მარტო პირად ტურნირში, არამედ გუნდთან ერთადაც გამოიჩინონ თავი. კარგია, რომ მედალოსანთა რიგებში მოხვდა ჩვენი ერთი კანოისტი. ისიც უნდა ითქვას, რომ სპორტის ბევრ სახეობაში ჩამოვრჩებით ევროპის წამყვან ქვეყნებს, რაც ამ ფესტივალზეც თვალნათლივ გამოჩნდა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად დიდი შრომა გვმართებს,“ - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

შეკრებილებს მიესალმნენ და ფესტივალზე წარმატებული გამოსვლა მიულოცეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა.

ბოლოს, ოლიმპიური კომიტეტის სპონსორის, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ ფესტივალის გამარჯვებულებს და მედალოსნებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ უნგრულ დიორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა სპორტსმენებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი მე-11 ადგილზე გავიდნენ.

მომავალი, მე-15 ოლიმპიური ფესტივალი 2019 წელს ბაქოში ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.14376