ჭიდაობა

12:34 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შოთაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია

სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს - აზერბაიჯანისა და რუსეთის ნაკრებებს კი 4 ქულით უსწრებს.

გუშინ საპრიზო სამეულები ხუთ წონით კატეგორიაში შეივსო და საქართველოს ნაკრებმა ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი შოთაძე ავიდა. მესამე საპრიზო ადგილები კი აკაკი ოსიაშვილმა (50 კგ) და დავით სოლოღაშვილმა (69 კგ) დაიკავეს.

შოთაძე სარაევოში ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში იყო ჩასული. შარშან მან უმაღლესი ტიტული 50 კილოგრამში მოიპოვა. ამჯერად კი წარმატებას ორი წონით მაღლა მიაღწია.

ფინალის გზაზე ქართველმა ფალავანმა პოლონელი კრიშტოფ სტეფანი (11:0), უნგრელი რაიმუნდ ფარკასი (4:1), სომეხი აშოტ კირაკოსიანი (5:2) და აზერბაიჯანელი ჰასან მამადლი (4:1) დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი თურქ მუსტაფა ილდირიმს 3:1 აჯობა.

აკაკი ოსიაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წევრ გუსენ გუსეინოვთან წაგებით (3:7). იქამდე საფრანგეთის ნაკრების წევრ მუხამად სანგარიევს (8:0), აზერბაიჯანელ ასგარ ალიზადას (5:2) და ბულგარელ იურდან ნეზატს (10:0) სძლია. რეპეშაჟის ფინალში კი რუმინალ მანუელ სტოიცას მოუგო (8:6).

დავით სოლოღაშვილი ბრინჯაოს მედალს ნორვეგიელი სამეტ ჩეტინის ძლევით (5:1) დაეუფლა. ძირითად ბადეში ქართველი მოჭიდავე გერმანელ მარკ ფიშერთან მოპოვებული გამარჯვების (5:0) შემდეგ, მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რუსლან მოშიანთან დამარცხდა (6:8). დამამშვიდებელ ეტაპზე კი, "ბრინჯაოს ფინალამდე” სლოვაკი ნიკოლას ჰულმანი (10:0) და დანიელი ლუკას ჰოიერ-იენსენი (4:3) ჩამოიშორა.

საქართველოს ნაკრების უმსუბუქეს წევრს – დიმიტრი ხაჩიძეს (42 კგ) პოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – მე-5 ადგილი დაიკავა. ლუკა ხუციშვილი (85 კგ) კი მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟის ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

გუშინვე, დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში ფინალისტები გამოვლინდნენ. მათ შორის ორი ქართველიცაა - ბექა გურულმა (54 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (76 კგ) წინასწარი ეტაპის შეხვედრები წაუგებლად ჩაამთავრეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. ოთარ აბულაძე (63 კგ) კი ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო.

ბექა გურულმა ლიტველი ვილიუს სავიცკასი (9:0), თურქი კადირ კამალი (6:4) და ნორვეგიელი სონდრე სვარატადი (8:0) ჩამოიშორა. ფინალში კი უკრაინელ მიროსლავ სოლოვიანს დაეჭიდება.

გიორგი ცოფურაშვილი გადამწყვეტ ბრძოლაში რუს აუეს გონიბოვს შეხვდება. ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ ხორვატი კარლო კოდრიჩი (5:1), ესტონელი რაულ ლეიტამი (3:0), უნგრელი იშტვან ტაკაში (4:2) და პოლონელი სზიმონ სზიმონოვიჩი (7:2) დაამარცხა.

ოთარ აბულაძე ძირითად ბადეში იტალიელი ფრანკო აბაცისა (9:0) და უკრაინელი დმიტრო მიროშნიკის (9:4) ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში რუს არტემ ეროხინთან ვეღარას გახდა (4:13) და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ლიტველ კონსტანტინას კესანიდსა და გერმანელ ნილს ბუშნერს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

გუშინვე, ევროკონკურენციაში საქართველოს სახელით გურამ აბრამაშვილი (46 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძეც (100 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ჩემპიონატს ორივე მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

0.135685