რაც ეროვნული ლიგა განახლდა, გოლი გოლზე გადის. თბილისის "დინამომ" 6:1 სძლია ფოთის "კოლხეთს", "სამტრედიამ" 4:1 აჯობა ქობულეთის "შუქურას", ხოლო კვირა დღის პირველ შეხვედრაში ექვსი გოლი გავიდა. "ჩიხურამ" 4:2 დაამარცხა "დილა".
მიშიკო სარდალიშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველი გოლი პენალტით გაიტანა - თერთმეტმეტრიანი ლევან კაკუბავამ მოინადირა, რომელიც კარში ურტყამდა გიორგი განუგრავას პასის შემდეგ და ფეხი წამოსდეს. კაკუბავამ სარდალიშვილის მეორე გოლშიც დიდი წვლილი დაიდო, პირისპირ გაიყვანა თანაგუნდელი და მანაც იდალურად გამოიყენა.
რაც შეეხება მიშიკოს მესამე გოლს, მშვენიერ კომბინაციას მოჰყვა. პაპუნა ფონიავამ დაიწყო შეტევა, ბოლოს მანვე გააკეთა დაბალი პასი, დიმიტრი ტატანაშვილმა გაატარა ბურთი და სარდალიშვილმა ძლიერი დარტყმით გაუტანა მიხეილ მუჯრიშვილს.
"ჩიხურადან" კიდევ ერთი გოლი ბაქარ მირცხულავამ გაიტანა თავურით. ეს ფონიავას ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა.
"დილადან" ჯერ ირაკლი მოდებაძემ გაიტანა: დინო ჰამზიჩმა ალექსანდრე კვახაძის თავური მოიგერია და მოდებაძემ დაამატა. გორელთა მეორე გოლი კი სალიუ ტარავალიემ ჩაიწერა, რომელმაც მალხაზ გაგოშიძის დაბალ პასს ცხრიანში დარტყმა მიაყოლა.
მოდებაძეზე მაინც ცალკე დავწეროთ - წლეულს პირველად ითამაშა ეროვნულ ლიგაში და გოლითაც აღნიშნა. შეგახსნებთ, ირაკლის ტრავმა ჰქონდა და ივნისში დაიწყო სრული დატვირთვით ვარჯიში.
23 ივლისი. 17:00. ივანწმინდა
ჩიხურა (საჩხერე) - დილა (გორი) 4:2 (3:1)
ჩიხურა: ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაკუბავა, კაშია, ჩიკვაიძე, სარდალიშვილი, ივანიშვილი, განუგრავა (დობროვოლსკი 77), ფონიავა (გორგიაშვილი 86), დეკანოიძე (ტატანაშვილი 68)
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დილა: მუჯრიშვილი, სოფრომაძე, კვახაძე, აბუბაქარი, გაგოშიძე, ძარია, კირკიტაძე, ნონიკაშვილი (ფლავიო 46), პედრინიო (ჭეჭელაშვილი 56), ტარავალიე, მოდებაძე (აშორტია 76)
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (32 პენ), 2:0 მირცხულავა (39), 2:1 მოდებაძე (42), 3:1 სარდალიშვილი (45), 4:1 სარდალიშვილი (69), 4:2 ტარავალიე (88)
გაფრთხილება: კაშია (41), ჭეჭელაშვილი (81)
მსაჯი: სილაგავა