ძიუდო

17:04 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

2-2 ოქროს და ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ნუგზარ ტატალაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) მინსკში მიმდინარე "ევროპის ღია ტურნირზე” დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ) და ლაშა ტაველური (100 კგ) კი ფინალურ ბლოკში რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

ტატალაშვილი გადამწყვეტ ბრძოლაში რუს დენის კალინინს დაუპირისპირდება. ლიპარტელიანის მეტოქე ჰოლანდიელი მიხაელ კორელი იქნება. კირაკოზაშვილი პორტუგალიელ ჟოაო მარტინოს შეხვდება, ხოლო ტაველური - უკრაინელ ანტონ სავიცკის.

ლამის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო არენას დაუბრუნდა ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც ახალ წონით კატეგორიაში – 90 კილოგრამში ცდილობს დამკვიდრებას. მიმდინარე შეჯიბრებაზე ჭრიკიშვილმა მხოლოდ ერთი ეტაპი დაძლია და საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგა.

დილის პროგრამაშივე დაასრულეს ჭიდაობა ბექა დონღვანმა (81 კგ), ნოდარ ბერიანმა, უშანგი მარგიანმა (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილმა, ლევან მატიაშვილმა (ორივე +100 კგ), ნინო ოძელაშვილმა (70 კგ) და ელენე ქებაძემ (+78 კგ).

0.141552