ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ალვარო მორატა ახლა უკვე ოფიციალურადაა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი. პირენელმა ფეხბურთელმა “არისტოკრატებთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნისლიან ალბიონზე “რეალის” ექსფეხბურთელის გასამრჯელო სეზონში 9 მილიონი ევრო იქნება.
“აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის “ჩელსიში” თამაში წარმოუდგენელი ემოციაა. ბევრს ვიშრომებ, რომ ბევრი გოლი გავიტანო და ჩემს გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო”, - განაცხადა მორატამ წარდგენისას.
ალვარო მორატას ტრანსფერი ინგლისის ჩემპიონს 64 მილიონი ევრო დაუჯდა. 24 წლის თავდამსხმელი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა და ფერნანდო ტორესის რეკორდი დაამხო.