ფეხბურთი

0:41 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

 “დინამომ” “კოლხეთი” არ დაინდო

საქართველოს ეროვნული ლიგა ერთთვიანი პაუზის შემდეგ თბილისში განახლდა, სადაც ლიდერმა “დინამომ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა.

გასულ ერთ თვეში “დინამოში” ბევრი ცვლილება მოხდა – გუნდიდან რამდენიმე ლიდერი წავიდა: ბაჩანა არაბული, საბა ლობჟანიძე, გიორგი გველესიანი, გიორგი პაპუნაშვილი. თუმცა, კახა კაჭარავას გუნდმა შევსებაც მიიღო. როგორც პირველმა შეხვედრამ აჩვენა, “დინამოს” ცვლილებები არ დასტყობია და წესით ჩემპიონატის მთავარი ფავორიტის სტატუსი არ უნდა დაკარგოს.

“დინამო” არენაზე” გამართული მატჩის ბედი კი პირველივე ტაიმში გადაწყდა: ჯერ ლაშა თოთაძემ გაიტანა ჯარიმა, მერე კოკა სეფიაშვილის შეცდომით ბექა მიქელთაძემ გაიტანა, ხოლო ტაიმის ბოლოს გიორგი ჩაკვეტაძემაც აიღო კოლხთა კარი. იგივე სურათი იყო მეორე ტაიმშიც: მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო მის გარდა გოლები გიორგი თევზაძემ და ლაშა ქოჩლაძემ შეაგდეს. ამ უკანასკნელს ჩინეუბლი დებიუტი გამოუვიდა – მოედანზე ორი წუთის შესულიყო თავი რომ გამოიჩინა. ფოთელებმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხეს – უკრაინელმა იგორ ბროვკომ ახლო მანძილიდან გაიტანა – 6:1.

“დინამო” 46 ქულით ისევ დამაჯერებლად ლიდერობს, “კოლხეთის” მდგომარეობა კი საგანგაშოა – 17 ქულა და ბოლოსწინა ადგილი.

მე-19 ტური 22 ივლისს, “სამტრედიისა” და ქობულეთის “შუქურას” მატჩით გაგრძელდება. დარჩენილი სამი თამაში კი 23 ივლისს გახლავთ ჩანიშნული.

“დინამო” (თბილისი) – “კოლხეთი” 6:1 (3:0)

თბილისი, “დინამო არენა”

“დინამო”: რევიშვილი, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, მიქელთაძე, ჩაკვეტაძე, შულაია (ქოჩლაძე 85), სალუქვაძე, კობოური, ერგემლიძე (თევზაძე 52), კუცია (ნინუა 73)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, გოგონაია, ნონდი, კაკულია, დაფე, ოტიენო (მაჩარია 57), ჯანელიძე, ჟიშკარიანი, ბახია (ბროვკო 61), ბუხაიძე (დერებჩინსკი 69)

მწვრთნელი: გელა სანაია

გოლები: 1:0 თოთაძე (7), 2:0 მიქელთაძე (18), 3:0 ჩაკვეტაძე (43), 4:0 მიქელთაძე (53), 5:0 თევზაძე (69), 5:1 ბროვკო (70), 6:1 ქოჩლაძე (87)

გაფრთხილება: ოტიენო (38)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

0.113473