მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ალვარო მორატა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე გადაწყდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
ინგლისური მედიის ცნობით კი, ლონდონელებმა ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღეს. აქამდე მორატას “მილანს” უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მისთვის ბრძოლაში გამარჯვებული “ჩელსი” გამოვიდა.
გასულ სეზონში მორატამ ყველა ტურნირის ჩათვლით 40 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.