ბლოგი

17:15 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძველი და დაუვიწყარი ამბები

როდესაც 1990 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო მაშინ სულ პატარა ვიყავი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სადღაც ოკეანისგაღმა ცხოვროდა ჩემზე ოდნავ მაღალი კაცი სახელად დიეგო მარადონა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეეძლო და ბურთსა და ფორთოხალს ერთნაერად კენწლიდა. გარდა ამისა ვიცოდი, რომ მარადონას ქვეყნის გვერდით არსებობდა უფრო დიდი ქვეყანა, სადაც ფეხბურთი უყვარდათ მარადონა კი არა.

აი სულ ეს იყო რაც მაშინ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცოდი და ცხონებულ პაპაჩემს რამდენჯერმე თბილისის “დინამოს” თამაშზე, რომ არ წავეყვანე, მეტი არც არაფერი მეცოდინებოდა. დღეს კი, თითისტოლა ბავშვს, რომ ჰკითხო პარაგვაის ნაკრების შემადგენლობა ისე როგორ იქნება აკუნია და ფერნანდესი მაინც, რომ ვერ გაიხსენოს და როგორ ფიქრობთ ვისი და რისი დამსახურებაა ახლანდელი ბავშვების ფეხბურთში ესოდენი ჩახედულობა?!

პასუხი რა თქმა უნდა ერთია, ფეხბურთის პოპულარიზაციის და 21-ე საუკუნეში საფეხბურთო საზღვრების უკიდურესი დამოკლების. თუკი ადრე მარადონა შორეული და ლეგენდარული გმირი იყო, დღეს მესის, რონალდუს, ჯონ ტერისა და რაულს ყოველ "უიქენდზე" ჩვენი ტელევიზორები მუდმივად მასპინძლობენ და ფეხბურთის ვერსკვლავებსაც კარგი ძმაკაცებივით გავუშინაურდით.

დღეს ბევრს უკვირს, ჩვენი ფეხბურთელების რბილად რომ ვთქვათ არცთუ კარგად თამაშის მიუხედავად, რატომაა საქართველოში ასეთი არნახული აჟიოტაჟი და სპორტის ეს უპირველესი სახეობა რატომ გახდა ხალხში ყველაზე აქტუალურად გასარჩევი თემა. თუ ნებას მომცემთ ამ კითხვაზე მე გიპასუხებთ; ახლა საქართველოში რაც ხდება სრულიად ნორმალური მოვლენაა და ჩვენი ხალხის ფეხბურთით ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი ვართ და ადრე როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის სუნთქვა ქალაქში არ იგრძნობოდა სხვა არაფერი იყო, თუ არა შევარდნაძის მდარე და უსიცოცხლო ეპოქის ლოგიკური გაგრძელება. ეპოქის როდესაც ფეხბურთზე დასახარჯ ემოციებს ხალხი პოლიტიკოსების ზიზღში ხარჯავდა. კაცმა, რომ თქვას მაშინ რა ემსოფლიოსჩეპიონატებოდა კაცს, როდესაც ტელევიზიის სპორტული მიმომხილველიც კი, ისე დუნედ და არაფრისმთქმელად გადმოსცემდა უმაღლესი კლასის ნაკრებების თამაშებს, თითქოს ერევნის “პიუნიკი” წნორის “მილანს” ხვდებოდა.

წარმოიდგინეთ, რა საზარელია, როდესაც ტელევიზიის დიქტორი, "ვითომც აქ არაფერიაო" აცხადებს: “გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმართა გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა, სადაც გერმანელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს ახლა კი გადავიდეთ ამინდის პროგნოზზე” წარმოიდგინეთ რამხელა დაძაბულობა, უმაღლესი კლასის მატჩი და მსოფლიო დონის აჟიოტაჟი დგას ამ სამი სიტყვის უკან “გერმანია-საფრანგეთის მატჩი” ალბათ იმ დროს მთელი მსოფლიო მოლოდინით ხელებს იფშვნეტდა ამ დიდი მატჩის მოლოდინში, ჩვენთან კი არაფერი, მხოლოდ 2:1 დამთავრდაო გვითხრა დიქტორმა და მსწრაფლივ გადავიდა ქართულ საცოდავურ პოლიტიკურ სკანდალზე. თუ ეს საზიზღრობა არაა, მაშინ რუსეთის ნაკრების მაისური ჩამაცვით და ვირზე უკუღმა შემჯდარი მატარეთ ქალაქში..

ქვეყანაში საფეხბურთო აჟიოტაჟი დიახაც მუდმივად უნდა იყოს, და ამაზე ბევრად დიდი აჟიოტაჟიც კი, რათა ჩვენმა ხალხმა და პირველ რიგში ქართველმა ფეხბურთელებმა ნახონ და გაიგონ როგორია ნამდვილი ფეხბურთი, სადაც ღირსება ყველაზე მაღლა დგას და სადაც საკუთარი ქვეყნისათვის ოფლი და ცრემლი არავის არ ენანება.

0.121305