საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მონაკოს" ყოფილი ნახევარმცველი ტიემუე ბაკაიოკო კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "არისტოკრატების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 22 წლის მოთამაშემ ახალ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა.
ბაკაიოკო "რენის" აკადემიის აღზრდილია და "მონაკოში" 2014 წელს მოხვდა. გასულ სეზონში ტიემუემ გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც ითამაშა. კარგი თამაშის წყალობით ფეხბურთელი დიდიე დეშამმა მარტის თვეში გამოიძახა და "მამლების" რიგებში დებიუტი 28 აპრილს ჰქონდა. ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონი ევროა.