ფეხბურთი

20:05 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

უჩა სოსიაშვილი: "სახელმწიფო მილიონს გაძლევს? შენ მეტი უნდა დახარჯო"

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშის შეფასება ევროპის ჩემპიონატზე; მთლიანად ამ ევროჩემპიონატზე დანახული სათამაშო ნიუანსები; ქართული კლუბების ცუდი თამაში ევროტურნირებზე და მიზეზები; ქართულ ფეხბურთში მიმდინარე ძვრები - ამის შესახებ უჩა სოსიაშვილს ვესაუბრეთ.

სოსიაშვილის თავკაცობით, გორის "დილა" ორი წლის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა. იმ დროს მწვრთნელი მხოლოდ 25 წლისა გახლდათ! ის წლის დასაწყისში გაათავისუფლა "დილას" ახალმა ხელმძღვანელობამ.

უჩა რესპონდენტად კიდევ იმ მიზეზით ავირჩიეთ, რომ ამჟამად მწვრთნელად არ მუშაობს და მიუკერძოებელი იქნება შეფასებებში. ამას იმიტომ ვწერთ, რომ ყოფილა შემთხვევები, ადამიანი პრივატულ საუბარში ერთს ამბობს, ხმამაღლა კი სხვას იძახის. გარდა ამისა, სოსიაშვილი თითქმის მუდმივად ესწრება თამაშებს.

- ჩვენი 19-წლამდელების თამაშში რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაინახეთ?

- როგორც წინა ასაკობრივებში, ამჯერადაც გვყავდა რამდენიმე კარგი ინდივიდუალისტი. მშვენივრად წარმოაჩინა თავი გიორგი ჩაკვეტაძემ. ასევე აღვნიშნავდი გიორგი კუციასა და განაპირა მცველებს: ნიკა მალის და ლუკა ლაკვეხელიანს. ახლა იწყება მათთვის მთავარი ეტაპი, თუ როგორ განვითარდებიან. მთლიანობაში გუნდის გამოსვლას რაც შეეხება, ჯგუფში ჩარჩენის მიუხედავად, უარყოფითად ვერ შევაფასებ. მესმის, ტაბლო მთავარია, ოღონდ ისიც გავითვალისწინოთ, რომ საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, საიდანაც გასვლა შეიძლებოდა. ტაქტიკურად გვაჯობეს ჩეხებმა. საერთოდაც, ვფიქრობ, ჩეხეთი საუკეთესო ნაკრები იყო ჩვენს ჯგუფში: მეტიც, ტაქტიკურად ასეთი გამართული ნაკრები 19-წლამდელების ასაკში არც მინახავს.

- პორტუგალიამ რით გვაჯობა?

- არაფრით. მართლაც ვერ დავინახე ვერანაირი კომპონენტი, რის მიხედვითაც იტყოდი, რომ პორტუგალია იმ თამაშში გვჯობდა. თუმცა შედეგი გამოჩნდა. მეორე მომენტია, თუ როგორ რაციონალურად გადაანაწილა ძალები პორტუგალიამ.

- ამ მხრივ და პრაგმატული თამაშითაც, პორტუგალიის მთავარ ნაკრებს ჰგავდა...

- ასეა. ჩვენებთან თამაშის შემხედვარე, ვერ ვიფიქრებდი, რომ პორტუგალია ფინალში გავიდოდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ისე კი, ვფიქრობ, ინგლისი-ჩეხეთი საფინალო წყვილი იყო.

- გორში ფინალია: ინგლისი-პორტუგალია. როგორ თამაშს ელით და ვის მიიჩნევთ ფავორიტად?

- ვფიქრობ, ჩემპიონი ინგლისი გახდება. მათ ჰყავთ ამ ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი ინდივიდუალისტები და მწვრთნელიც რომ მაგარია, ჩეხეთთან კიდევ ერთხელ გამოჩნდა. დაინახა, რომ ჩეხების მარცხენა მცველი (N4 ჰოლიკი) დაცვაში მოისუსტებდა და სწორედ იქ გააძლიერა ზეწოლა, საბოლოოდ, სწორედ იქიდან განხორციელდა სამი მწვავე შეტევა და გოლიც გავიდა.

- გიორგი არაბიძის თამაშზე: მისმა თამაშმა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაზე აქტიური გახლდათ ჩვენს ნაკრებში, თუმცა წმინდა სტატისტიკური კუთხით მეტს ველოდით.

- არაბიძეს რომ დიდი პოტენციალი აქვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მონდომებული და მოტივირებული თამაშობდა, მაგრამ მაინც მოქმედებს ქვეცნობიერად, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 19-წლამდელებში გამოდიხარ. არ ვამბობ, რომ არაბიძეს მოტივაცია აკლდა, უბრალოდ, ქვეცნობიერი გრძნობაა. არაბიძეს დააკლდა გოლები. წმინდა სათამაშო კუთხეს რაც შეეხება, უფრო ხშირად ისეთ ადგილზე იღებდა ბურთს, საიდანაც დასარტყმელ პოზიციამდე შორი იყო, შესაბამისად, ან კაცის მოტყუებაზე მიდიოდა, ან დიაგონალურ პასებს აკეთებდა. ეს იძულებით უწევდა. ვფიქრობ, არაბიძე შეტევის დამთავრებაზე უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, ვიდრე შეტევის წამოწყებაზე.

- ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გუნდური მოქმედებების მხრივ, ძალიან ჩამოვრჩით. ეს ეტყობოდათ ქართულ კლუბებს და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებსაც. სათამაშო დისციპლინა მოიკოჭლებდა. თანამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებულად ვთამაშობთ და რატომ ვერ ვუწყობთ ფეხს?

- მართალია, ნამდვილად ასეა. ისევ ვახსენებ ჩეხებს, მათი ათი ნომრის შეტევაში თამაში უნდა ამოიჭრას და სახელმძღვანელოსავით უნდა იყოს ჩვენი ბიჭებისთვის. ვისზე ნაკლებად ნიჭიერი იყო? არავისზე, მაგრამ დაიკარგებოდა ბურთი და მაშინვე ავსებდა ზონებს, მაშინვე ართმევაზე თამაშობდა. ჩეხებს და ზოგადად ევროპელებს ეს ავტომატიზმამდე ჰყავთ დაყვანილი. რატომ? ბავშვობაშივე აქვთ ნასწავლი. მიიღოს თავდამსხმელმა ბურთი ფეხში, იმატაოს, მერე დაკარგოს და არ გამოეკიდოს - ასე აღარ ხდება.

- ალბათ, ამიტომაც უჭირთ ჩვენს ლეგიონერებს უცხოურ კლუბბში ფეხის მოკიდება.

- ის, რაც აქ შეიძლება გაგივიდეს, უცხოეთში შეამჩნევენ და არავინ გაპატიებს. სათამაშო დისციპლინა ავტომატიზმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ვისაუბრებ აკადემიების შექმნის აუცილებლობაზე. სწორედ აკადემიებიდან უნდა ისწავლებოდეს ეს. Y

- სტადიონზე ხშირად ხართ და თამაშებს ესწრებით. ქართული კლუბების ასეთი გამოსვლის მიზეზებზე გკითხავთ. უფრო ძირეულ პრობლემებზე - რამ მიგვიყვანა ასეთ შედეგებამდე?

- დავიწყებ იმ კლუბით, რომელიც ევროტურნირებზე არ იყო. თბილისის "დინამო" წლეულს ყველას მოსწონს, გუნდი ლიდერობს და თამაშის ხარისხიც კარგია. ასე იყო სეზონის პირველ ნახევარში, მაგრამ "დინამოში" აღარ არიან ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე და სხვები. არადა, ეს ბირთვი რომ შენარჩუნებულიყო, ორი-სამი წლის შემდეგ "დინამო" რეალურად იბრძოლებდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის. თან შედეგზე საუბარი და თან ყოველ ექვს თვეში გუნდის ბირთვის ცვლა კი, რა გითხრათ, არასერიოზული მგონია. მაშინ პირდაპირ ითქვას, რომ არ გვინდა ევროტურნირებზე შედეგი. მოდით, რეალურად შევხედოთ, რომ საქართველო არაა მდიდარი ქვეყანა და არაა იმის საშუალება,რომ ძვირადღირებული ლეგიონერები მოიყვანო, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, "ყარაბახი" ან "გაბალა". რა უნდა გაკეთდეს საპირისპიროდ? უნდა შეიქმნას აკადემიები. მინიმუმ თბილისის "დინამოს" დონის აკადემიები ყველა რეგიონში უნდა იყოს, რათა აღიზარდნონ და განვითარდნენ ბავშვები. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროგრამა.

...ახლა ყველაფერი ერთად ვთქვი და დავკონკრეტდები. სახელმწიფო კლუბებს უხდის წელიწადში მილიონ ლარს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რადგან სახლმწყიფო ფულს გაძლევს, კლუბის მეპატრონემ თითქმის არაფერი არ დაამატო? მთავრობა რომ მილიონს იძლევა, კლუბის მფლობელმა უფრო მეტი უნდა ჩადოს, რათა წარმატებული კლუბი ჰყავდეს. მოახმაროს ის ნაჩუქარი მილიონი ლარი აკადემიას, ინფრასტრუქტურას, დანარჩენი კი თავად დახარჯოს. აქამდე ხომ ხარჯავდა და ინახავდა კლუბს? ახლა რა შეიცვალა? რადგან სახელმწიფო გაძლევს კლუბისთვის საარსებო მინიმუმს, ამიტომ ამ მინიმუმს უნდა დასჯერდე და სახელმწიფოს კმაყოფაზე უნდა იყო? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კარგი პრეცენდენტი შექმნა სახელმწიფოს დახმარებით - გაძლევს თანხას, მაგრამ დანარჩენს შენ მიხედე, განავითარე, დამატებითი თანხა მოიძიე. აქ ისე გაიგეს, რომ ამ მოცემული თანხით უნდა დაკმაყოფილდე.

...საქართველოს ჩემპიონი კლუბიდან ლატვიაში გადავიდა ლაშა შერგელაშვილი, მანამდე გიორგი ერისთავიც ლატვიაში წავიდა. მილიონლარიანი წლიური ბიუჯეტის მქონე კლუბი წამყვან ფეხბურთელს ვერ შეინარჩუნებს, არადა, კარგად ვიცი, რომ ჩამოთვლილი ფეხბურთელები უცხოეთში მაღალ ხელფასს არ იღებენ.

- პირადად თქვენს კარიერაზეც. არ გაქვთ შემოთავაზებები?

- მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, ბევრი გაირკვევა. მაქვს წინადადება უცხოეთის ერთ-ერთი კლუბიდან. მოლაპარაკებები შედგება. უმაღლესი ლიგის კლუბია, მაგრამ სახელს ჯერ ვერ დავაკონკრეტებ.

0.12007