ჩოგბურთი

10:51 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარეი ფედერერთან დაძაბულ მატჩს ელის

ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის B ჯგუფს 2 მოგებით როჯერ ფედერერი ლიდერობს, რომელმაც ორივე შეხვედრა სეტისწაუგებლად მოიგო და სატურნირო ცხრილსაც დამაჯერებლად ლიდერობს. პირველი გამარჯვება მოიპოვა შოტლანდიელმა ენდი მარეიმ, რომელმაც კანადელ მილოშ რაონიჩს 6:3, 7:5 სძლია და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

27 წლის ბრიტანელისა და მასზე 3 წლით უმცროსი კანადელის პაექრობამ საათნახევარს გასტანა. ენდის ანგარიშზე 3 ბრეიკი და 4 ეისია. ამ მოგებით მარეიმ რაონიჩთან ურთიერთშეხვედრების ანგარიშში უარყოფითი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 2:3. მილოშმა ლონდონში მიჯრით მეორე მარცხი იწვნია და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

“პირველ მატჩთან შედარებით უკეთ ვითამაშე. გაცილებით ნაკლებ შეცდომას ვუშვებდი, ვიდრე ნიშიკორისთან პაექრობისას. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ფედერერის წინააღმდეგ მომიწევს გამოსვლა. ვიმედოვნებ, როჯერთან დაპირისპირებისას საუკეთესო თვისებების გამოვლენას მოვახერხებ და მაყურებელს დაძაბულ, საინტერესო ორთაბრძოლას შევთავაზებთ”, - ამბობს მარეი.

B ჯგუფის დასკვნით საასპარეზო დღეს ფედერერ-მარეის გარდა, იაპონელი კეი ნიშიკორისა და რაონიჩის მატჩიც გაიმართება.

0.116591