ფეხბურთი

10:02 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ლევანდოვსკის მსგავს თავდამსხმელებთან თამაში “მეზიზღება”

პოლონეთის ნაკრებთან 14 ნოემბერს გასამართი მატჩის სამზადისში მყოფმა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკის მსგავს ფორვარდებთან დაპირისპირება “ეზიზღება”.

- ტრავმის გამო არცთუ ცოტა დრო გაგიცდათ. ახლა როგორ ფორმაში იმყოფებით?

- თავს კარგად ვგრძნობ. კვირას “ფეინოორდთან” სრულად ვითამაშე და საკმაოდ კარგად. თავდაჯერებული ვარ და ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. მანამდე, ახალგაზრდულ გუნდშიც ორჯერ 90-90 წუთი ვითამაშე.

- პოლონეთის ნაკრების შესახებ რას იტყვით?

- ძლიერი ნაკრებია, რაც ამ შესარჩევ ციკლში დაამტკიცა. ჩვენ ერთი გზა გვაქვს, რომ მხოლოდ მოგებაზე ვიფიქროთ და სამი ქულა ავიღოთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თითოეულმა ფეხბურთელმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და 100 პროცენტით დავიხარჯოთ.

- თქვენი კონკურენტი არნოლდ კრესვეიკი რომ არ დაშავებულიყო, “ფეინოორდთან” სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას ელოდით?

- “ფეინოორდთან” არ ველოდი, მაგრამ შემდეგ მაინც ვითამაშებდი. თუ სათადარიგოში ვიქნებოდი, იანვარში გუნდს შევიცვლიდი. ის ფეხბურთელი ვარ, რომელსაც თამაში სურს და თადარიგში ყოფნა არ აკმაყოფილებს. ისეთ გუნდს მოვძებნიდი, უფრო დაბალი დონისას, სადაც ვითამაშებდი. სეზონში 30-40 მატჩის ჩატარებას ვარ მიჩვეული.

- სასტარტოში დაბრუნების პროცესი რატომ გაგიგრძელდათ?

- თითის მოტეხვის გამო 5 კვირა გამიცდა. ამის შემდეგ, რითმში დაბრუნება გამიჭირდა. საერთოდ, ზაფხულის შესვენების შემდეგაც ფორმაში შესვლა მიჭირს. ახლა ისეთ ფორმაში ვარ, როგორც 3-4 თვის წინ. ძირითად გუნდში ვარ და ვთამაშობ.

- ლევანდოვსკისთან დაპირისპირებისთვის ემზადებით?

- ლევანდოვსკისგან საჯარიმოში ხიფათს ყოველთვის ელოდები. ძალიან მოქნილია და შეუძლია საჯარიმოში ჩამოწოდებულ ნებისმიერ ბურთს მისწვდეს. გულწრფელად გეტყვით, ასეთ თავდამსხმელებთან თამაში “მეზიზღება”. მირჩევნია ფიზიკურად ძლიერ თავდამსხმელებთან ვითამაშო, რომლებიც ბურთს კარისკენ ზურგით მდგომნი იღებენ. ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო 5-6 ფორვარდში შედის.

- მიმდინარე სეზონში “ვიტესს” რა მიზნები აქვს?

- რაც მერაბ ჟორდანია წავიდა, კლუბის მიზნები შეიცვალა. “ვიტესი” უფრო ნელა “მიდის”, ხოლო მერაბის დროს “მივექანებოდით”. კლუბში მეტი ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გადაიტანეს. მაგალითად, ახალგაზრდული გუნდიდან 17 წლის მარჯვენა მცველი გადმოიყვანეს. მიზანი მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე თამაშია, რაც რეალურია.

0.112864