“სამტრედია” - საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და ქართული საკლუბო ფეხბურთის ბოლო იმედი მიმდინარე სეზონში ევროასპარეზზე. გია ცეცაძის გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ერთვება და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას აზერბაიჯანის საუკეთესო გუნდ “ყარაბაღთან” გამართავს.
მავანთა მიერ მეტოქე აშკარა ფავორიტადაა შერაცხული – სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქართული გუნდები, ბოლოდროინდელი წარუმატებლობის ფონზე, თვალშისაცემ მეტოქედ ლამის აღარვისთვის ითვლებიან და მით უფრო გუნდთან, რომელიც ბოლო წლებში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სტაბილურად ხვდება და მეტიც, გასულ წელს წამები დააკლდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე.
აქვე ვთქვათ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე “სამტრედიას” დებიუტი ექნება. აქამდე ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ამ პატარა იმერულ გუნდს არასდროს უთამაშია. დიდად ვერც სხვა ევროტურნირებზე თამაშით დაიკვეხნის. 1995-1996 წლების სეზონში იმერლები უეფას თასზე მაკედონიურ “ვარდარს” გადაეყარნენ, თუმცა წარუმატებლად – 0:2, 0:1. შარშან კი, აზერბაიჯანულ “გაბალასთან” “ბაქსელ არენაზე” 1:5 წაგების შემდეგ ზესტაფონში 2:1 გამარჯვება საკმარისი არ გამოდგა.
სხვათა შორის, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შარშანდელი თამაშები ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს გაახსენეს, თუმცა ორივემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – ძნელია ამაში მათ არ დავეთანხმოთ. თუმცა, სანამ წინასამატჩო პერიპეტიებზე უფრო დეტალურად გიამბობთ, მანამდე “ყარაბაღის” ევროპული წარსულის შესახებ:
შორს რომ არ წავიდეთ, გასულ სეზონზე ვთქვათ – “ყარაბაღმა” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დუდელანჟი” ადვილად დაამარცხა (2:0, 1:1), ხოლო მესამე ეტაპზე ჩეხეთის ჩემპიონ “პლზენთან” წააგო დრამატულად – სტუმრად 0:0 და შინ 1:1 (ბოლო წუთზე გაშვებული გოლით). საბოლოოდ, გურბანოვ გურბანოვის გუნდმა ევროპა ლიგის პლეი-ოფში შვედური “გიოტებორგი” დაჯაბნა (0:1, 3:0) და ჯგუფში მოხვდა. იქ კი თავი არ შეურცხვენია – პაოკ-ს ორივე თამაში მოუგო, “სლოვანთან” კი ფრეს დასჯერდა. ერთადერთი გუნდი, რომელსაც აზერბაიჯანელებმა კონკურენცია ვერ გაუწიეს, “ფიორენტინა” იყო... ევროპა ლიგის ჯგუფს “ყარაბაღმა” 2015-2016 წლების სეზონშიც უწია და ამჯერადაც იმავე გზით. ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე “სელტიკთან” (0:1) წააგო, შემდეგ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბერნის “იანგ ბოიზი” დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, სადაც 4 ქულა დააგროვა. აქვე გეტყვით, რომ “ყარაბაღი” ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ 4 სეზონია ხდება. მოკლედ, “სამტრედიას” მეტოქე ძალიან სერიოზული ჰყავს.
ამ ზაფხულს “ყარაბაღმა” მოსამზადებელი ეტაპი წარუმატებლად ჩაატარა. ყოველ შემთხვევაში, სამი სპარინგი გამართა და ყველა წააგო: გროზნის “ახმატთან”, მოსკოვის “დინამოსთან” და ბოლოს, დანიურ “ბრონდბიუსთან” განადგურდა. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანელები არცთუ სასურველ ფორმაში არიან. ამაზე სხვათა შორის, გურბანოვმაც ისაუბრა. არიან ტრავმირებული ფეხბურთელებიც: საეჭვოა დანი კინტანასა და რიჩარდ ალმეიდას თამაში. გარდა ამისა, ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ ახალწვეულებს: იაკუნ რჟენჩინიაკს, აბას ჰუსეიონოვსა და დონალდ უილდს.
რაც შეეხება “სამტრედიას” – საქართველოს ჩემპიონი ბაქოში საბრძოლო შემადგენლობითაა ჩასული და დანაკლისიც არ აქვს. იმერელთა რიგებში ახალწვეულებიც არიან, რომელთაც დღეს ალბათ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ: ნიკა საბანაძე და ბაკარ ბალდე. “სამტრედიას” სხვათა შორის, თითქმის ერთი თვეა არ უთამაშია. ბოლო შეხვედრა გორის “დილასთან” 20 ივნისით თარიღდება, როდესაც ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო ტურში ჩემპიონმა დრამატულად, 3:2 მოიგო. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გია ცეცაძემ თქვა, “სამტრედია” მზადაა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ და გუნდში საბრძოლო განწყობაცაა.
“ყარაბაღისა” და “სამტრედიას” შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და იგი ბაქოში, “ტოფიკ ბახრამოვის” სტადიონზე ჩატარდება. მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა იმსაჯებს, მთავარი აბრიტრი მეთე კალკავანი იქნება. ისე, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ საინტერესოა, რომ “ყარაბაღის” პრეზიდენტი, ტაჰირ გოზალი თურქია. მისი თანამემულეები არიან ფინანსური დირექტორი და გენერალური მენეჯრებიც...
დღევანდელი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.