ჭადრაკი

16:42 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია: „ჩვენთვის უცნობია რა მიზანს ისახავს ილუმჟინოვის თბილისში ჩამოსვლა“

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფიდეს პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის თბილისში ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი ჭადრაკის ფედერაციასთან შეთანხმებული არაა და შესაბამისად, არ არის დაკავშირებული ჭადრაკთან.

„როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, თბილისში იმყოფება ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი.

თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. თავად ფიდეს პრეზიდენტმა ტვიტერზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და ვიდეო აღნიშნა, რომ საქართველოს დედაქალაქს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს:

კირსან ილუმჟინოვის ვიზიტთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის არ მიუწოდებია არც ფიდეს სამდივნოს და არც თავად ფიდეს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ცხადია, კირსან ილუმჟინოვის საქმიანი ვიზიტი არ არის დაკავშირებული ჭადრაკის პოპულარიზაციასთან და ჩვენთვის უცნობია, რა მიზანს ისახავს მისი საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა.“ - ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კირსან ილუმჟინოვს რამდენიმე თვის წინ არაფორმალური შეხვედრა ჰქონდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელსაც მან სიგელიც კი გადასცა. ამ ფაქტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხრიდან მაშინვე მოჰყვა საპროტესტო წერილი, რომლის შედეგადაც კირსან ილუმჟინოვმა საქართველოს ბოდიში მოუხადა, ხოლო ფიდე-ს საპრეზიდენტო საბჭომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ერთადერთ სუვერენულ ორგანოდ აღიარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114299