ფეხბურთი

22:50 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყიფიანი: “გასახდელში ბევრი ცრემლი იყო”

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ჩეხეთთან (0:2) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, ფეხბურთელებმა მარცხი ძალიან განიცადეს და გასახდელში იტირეს კიდეც. ყიფიანი მიიჩნევს, რომ ჩეხეთი საქართველოზე ძლიერი არაა, უბრალოდ კონკრეტულ მომენტში მასზე უკეთ ითამაშა.

“დღეს ძალიან რთულ მატჩს ველოდით, რადგან ძლიერი მეტოე გვყავდა. სიტუაცია გაართულა პირველი ტაიმის მიწურულს გაშვებულმა გოლმა. მთლიანობაში პირველი ნახევარი ჩეხების უპირატესობით წარიმართა, რაც ჩვენს გეგმებს ეწინააღმდეგებოდა. ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ, რამდენიმე გამონათებას თუ არ ჩავთვლით.

მეორე ტაიმში უფრო მობილიზებულნი გამოვედით მოედანზე და რამდენიმე მომენტიც გვქონდა, მაგრამ მეორე გოლის გაშვების შემდეგ ჩვენი სიტუაცია ძალიან დამძიმდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩეხეთის ნაკრებმა გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ვულოცავ ამ გუნდს ნახევარფინალში გასვლას.

ვიცოდი, რომ ისინი სივრცეების შეზღუდვას მაქსიმალურად ეცდებოდნენ. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მათ ფრე აწყობდათ და უფრო უკნიდან ითამაშეს. ჩვენ გვქონდა სათადარიგო გეგმაც, მაგრამ შორეულმა დარტყმებმა არ გაამართლა. მე არ ვფიქრობ, რომ არაბიძე და ჩაკვეტაძე მათ სრულიად გამოთიშეს თამაშიდან, მაგრამ ალბათ უფრო მეტად გუნდურად თამაში ვერ შევძელით. რაც შეეხება გაშვებულ გოლებს – ჩვენ როდესაც ჩეხეთის თამაშს ანალიზი გავუკეთეთ, იქ სტანდარტიდან არ ყოფილა არა თუ გოლი, არამედ საგოლე მომენტიც. უბრალოდ, ორივე ეპიზოდში კონცენტრაცია დავკარგეთ და გავუშვით ძალიან დასანანი ორი გოლი.

ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩეხეთი უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველო – ვფიქრობ, უბრალოდ ჩეხეთმა დღეს კონკრეტულ მომენტებში გვაჯობა. ჩვენივე შეცდომებით მივეცით საშუალება, რომ მათ მოეგოთ. თუ ნახავთ, პირველი გოლის დროს რამდენიმე წუთი ბურთი ვერ გამოვიტანეთ, რასაც კუთხური მოჰყვა და გავუშვით გოლი. ვერ ვიტყვი, რომ ჩეხებმა რამე განსაკუთრებული შექმნეს და თავისი სტილი თავზე მოგვახვიეს. აქცენტი უფრო მაღალ ბურთებზე იყო გაკეთებული, სადაც მათ უპირატესობა მართლაც ჰქონდათ. ფეხბურთელებს ახლაც ვუთხარი, რომ მათ გააჩნიათ იმის პოტენციალი, რომ მომავალში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებისთვის მათ შეუძლიათ სარგებლის მოტანა.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელმაც გაავსო სტადიონი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში ვაგებდით, ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, როგორც შედეგით, ისე თამაშის ხარისხით. მაგრამ ისინი მხურვალედ გვქომაგობდნენ. ჩვენი პროგრამა მინიმუმი იყო გავსულიყავით ჯგუფიდან, მაგრამ ეს გეგმა ვერ შესრულდა. ამის გამო სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე. მინდა ორი რამ ერთმანეთისგან დავყო – ფეხბურთელები ყოველთვის რჩებიან საქართველოს ნაკრების განკარგულებაში, ხოლო მწვრთნელები მიდიან სხვადასხვა გუნდებში. თქვენ არ იცით, რა განწყობა იყო თამაშებამდე – სასტუმროში. რამდენი ცრემლი გახლდათ გასახდელში. მათ ძალიან განიცადეს ეს მარცხი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისინი საქართველოსთვის ბევრს გააკეთებენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – განვლილ ორ თამაშში ბევრი სტანდარტული იყო ჩვენს კართან და ამიტომ არანაირი ცვლილება დღეს არ შეგვიტანია. შეცდომები უფრო მერე გამოჩნდება, როდესაც ჩანაწერს ვნახავთ. ასეთი რაღაცეები ხდება – შეიძლება კუთხურიდან გაიტანო ან გაუშვა. თუმცა რეაგირება ამაზე აუცილებლად უნდა მოვახდინოთ. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგის სისუსტეს – შეტევაში ჩვენი გუნდი უფრო ეფექტური სწორედ ამ ფლანგიდან იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. როცა ფეხბურთელი სათამაშო დისციპლინას არღვევს, ყოველთვის ხდება მითითება, როდის დაუშვა შეცდომა. ეს, ასევე ხდება კონცენტრაციის დაკარგვის დროს. ჩვენი სათამაშო დისციპლინა არ იყო მოწოდების სიმაღლეზე დაცვაში. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ ამ კუთხით, მაგრამ ერთი ტაიმი თამაშის მოსაგებად საკმარისი არაა.

ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს – ნაკრებში ფეხბურთელის მომზადება ფიზიკურად წარმოუდგენელია. ამიტომ, რაც შეგვეძლო, დავხმარებოდით ფეხბურთელებს, რომ კარგად შეხვედრილიყვნენ თამაშს, ხდებოდა აღდგენითი პროცესებით. ყველაფერი შედარებითია – შეიძლებოდა უკეთესი ფიზიკური კონდიციებით შევხვედროდით ამ თამაშს.

შეცდომას უშვებს ნებისმიერი ადამიანი და მათ შორის, მწვრთნელიც. ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების გამოტანა. მე ზუსტად გუშინ მქონდა საუბარი ევროსპორთან და იგივე მკითხეს. ჩემი ძირითადი კონცნეტრირება გადატანილი იყო მოწინააღმდეგის შესწავლაზე. მთავარი მინუსი იყო დროის უკმარისობა, რადგან მეტი დროის გატარება ერთად გუნდისთვის უკეთესი იქნებოდა. შესაძლოა შეცდომები დავუშვი, მაგალითად შეცვლების დროს, მაგრამ ერთ რამეს თამამად გეტყვით: მე და ჩემი მთელი სამწვრთნელო შტაბის მხრიდან დიდი სამუშაო იქნა გაწეული. ყველა ერთ მუშტად ვიყავით შეკრული, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია”, - განაცხადა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან 0:2 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.

0.105153