დონეცკის “შახტარი” ოფიციალურად ადასტურებს მოსკოვის “ლოკომოტივთან” მოლაპარაკებებს გიორგი არაბიძის ტრანსფერის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია “მეშახტეების” გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა კლუბის ვებგვერდთან საუბრისას გაავრცელა.
“დიახ, ჩვენ ველაპარაკებით “ლოკომოტივს”, თუმცა არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები”, - აღნიშნა პალკინმა.
გიორგი არაბიძე “რკინიგზელებს” რომ აინტერესებდათ, ადრეც ვწერდით. მაშინ, ქართველი ფეხბურთელის აგენტმა მიხეილ მეტრეველმა განაცხადა, რომ რუსულმა გუნდმა “შახტარს” ოფიციალური წინადადებით მიმართა.
შეგახსენებთ, არაბიძე “შახტარში” 2015 წელს აღმოჩნდა და დღემდე მეორე გუნდის რიგებში ირჯება. 19 წლის ჩვენებურს რამდენჯერმე მთავარ გუნდშიც მოუწია გარჯა, თუმცა უმეტესად მაშინ, როდესაც გუნდს მირჩა ლუჩესკუ წვრთნიდა.