უეფას ყოფილი პრეზიდენტის მიშელ პლატინის ფეხბურთში დაბრუნების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. შვეიცარიის უზენაესმა სასამართლომ ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის აპელაცია არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, პლატინის ფეხბურთში საქმიანობა 4 წლით ეკრძალება.
მიშელ პლატინი 2015 წელს ფიფაში აგორებული კორუფციული სკანდალის შემდეგ ფიფას მმართველ იოზეფ ბლატერთან ერთად დასაჯეს. უეფას იმდროინდელი პრეზიდენტის დისკვალიფიკაციის მიზეზი ბლატერისგან 2011 წელს მიღებული 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გახდა, რომელიც, პლატინის განცხადებით, ფიფასთვის გაწეული საკონსულტაციო სამუშაოს ანაზღაურება იყო, თუმცა მისი ეს არგუმენტი არადამაჯერებლად ცნეს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ის 8 წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს, განაჩენის გასაჩივრების მერე კი სპორტულმა საარბირტაჟო სასამართლომ სასჯელი გაუნახევრა. პლატინის მსგავსად, უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს აღნიშნული თანხის გადამრიცხავი და სხვა არაერთ დარღვევაში ბრალდებული ბლატერიც, თუმცა თავის გამართლების მისი მცდელობებიც ყველა ინსტანციაში მარცხით დასრულდა.