ფეხბურთი

17:17 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ კოსტავა გიორგი ჩაკვეტაძეზე: "ასეთი ნიჭიერი არავინ მყოლია"
"სულ ტელეფონში იჭყიტებიან და რა ხდება იქ ისეთი..."

ქართული კლუბების მარცხის ფონზე, მალამოსავით იმოქმედა 19-წლამდელთა ნაკრების მოგებამ. გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი კი გიორგი ჩაკვეტაძეა. საერთოდ, მოსარიდებელია იმ ფეხბურთელების ზედმეტი ქება-დიდება, რომლებიც ჯერ სკოლის ასაკში არიან და პირველ ნაბიჯებს დგამენ დიდი ფეხბურთში. ზოგჯერ ცუდად უმოქმედია, თუმცა მეორე მხრივ, კარგს კარგი უნდა დაარქვა.

2011 წელს, დავით ყიფიანის ხსოვნის ტურნირი იყო "მარაკანაზე", თამაზ კოსტავას გაწვრთნილი "ნორჩი დინამო" ჩემპიონი გახდა და იმ გუნდის 10 ნომერი მოედანზე თამაშს ხატავდა. თუ სწორად მახსოვს, საუკეთესო ბომბარდირიც ის გახდა და საუკეთესო ფეხბურთელიც. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება - როგორც წესი, პრიზებს ანაწილებენ.

თბილისის "დინამოს" მაშინდელმა უსაფრთხოების ოფიცერმა გია ისიანმა 11 წლის ბიჭს "დინამოს" მაისურა გადასცა.

იქ იყვნენ ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, ცოცხალი გახლდათ რამაზ შენგელიაც. ის მახსოვს, "ნორჩი დინამოს" 10 ნომერზე საუბრობდნენ და სიმბოლურიც იყო, რომ დავით ყიფიანის ხსოვნის ტურნირზე ასეთი ათიანი ბავშვი გამოჩნდა.

გადავწყვიტეთ, ლეგენდარული "დინამოს" მარჯვენა მცველს გავსაუბრებოდით - თამაზ კოსტავამ ჩაკვეტაძის შესახებ საინტერესო ამბები მოგვიყვა.

თამაზ კოსტავა: "იმ დროს "ნორჩი დინამო" ჯერ კიდევ მუშტაიდის ბაღთან იყო. 1999 წელს დაბადებულთა მწვრთნელი გივი ლომიძე იყო, რომელიც გარდაიცვალა. ის გუნდი ჩავიბარე. იმ დროს ბიჭები რვა-ცხრა წლისები იყვნენ. ჩაკვეტაძე ექვსი წლის განმავლობაში იყო ჩემთან, შემდეგ თბილისის "დინამოში" გადავიდა. ჩაკვეტაძის ოჯახი სოხუმიდან იყო.

...ასეთი ნიჭიერი არც არავინ მყოლია. იყვნენ კარგი ბიჭები, მაგალითად, ნიკა ნინუა, ჯაბა კასრელიშვილი, ლევან ბარაბაძე და სხვები. ისინი ახლა თამაშობენ ასაკობრივ ნაკრებებში, მაგრამ ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. ადგილზე იოლად ატყუებდა მეტოქეს და პასიც კარგი ჰქონდა.

...არ დავმალავ, თავისუფლებას ვაძლევდი. შეტევიდან უკან ჩამოსვლას არ ვავალებდი. ეს უკვე შემდეგ უნდა ესწავლა, 14-15 წლის ასაკში და ისწავლა კიდეც. თუ რამეზე მიუთითებდი, ალღოს იოლად უღებდა. ბევრჯერ გამეორება არ მჭირდებოდა. თავიდან მხოლოდ კაცის მოტყუება უყვარდა, მაგრამ ავუხსენი, რომ მარტო ეს არ იყო საკმარისი. ვუთხარი, მოედანს მშვენივრად ხედავ და პასებიც ხშირად უნდა აკეთო-მეთქი.

...ზარმაცი არ ყოფილა. ტექნიკურად თამაშობდა, ფეხებში ხშირად ხვდებოდა, მაგრამ არ მახსოვს, ცუდად ეპასუხოს ამის გამო, ან მსაჯისთვის დაეყვიროს.

...ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ მინდა, ზედმეტად შევაწუხო. ამასწინათ თავად მითხრა, მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის ვარიანტი მაქვს, მაგრამ იქ წასვლა არ მინდაო. მეც ვუთხარი, სჯობს, ცოტა მოიცადო და საქართველოს ჩემპიონატში ითამაშო-მეთქი. გიორგის მუდმივი პრაქტიკა სჭირდება. წავიდეს სადმე ძლიერ კლუბში და იქ სკამზე დასვან, ეს მისთვის დიდი დარტყმა იქნება.

...როცა თბილისის "დინამოში" ხარ და საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლები, იმის საშიშროებაც არის, რომ ცოტა თავში აგივარდეს. არ ჰგავს ასეთს. ვუთხარი, ხომ იცი, ჯერ ჩამოყალიბებული ფეხბურთელი არ ხარ-მეთქი. გაიცინა - ვიცი, ბევრი სამუშაო მაქვსო”.

თამაზ კოსტავა ახლა ზუგდიდის სფფ აკადემიაში მუშაობს მწვრთნელად. აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდს ავარჯიშებს. ეს გუნდი 17-წლამდელთა 10 საუკეთესოს შორის გავიდა, ანუ "ოქროს ლიგაში" გამოდის. როგორია ბავშვებთან მუშაობა, რა პირობებია ზუგდიდში...

თამაზ კოსტავა: “საუცხოო პირობები აქვთ ბავშვებს. სამჯერადი კვება, საჭირო დროს ვარჯიში, საჭირო დროს დასვენება. ეს "ბაიას" აკადემიაში. კარგი ბიჭები არიან, ჩვენი გუნდიდან ხან "დინამოს აკადემიაში" მიდიან, ხან "საბურთალოში", ხან "ლოკომოტივში". ერთი წლით უფროსების წინააღმდეგ თამაშობდნენ, მაგრამ მოახერხეს ათ საუკეთესო გუნდს შორის გასვლა.

...თუმცა პარალელს რომ ვავლებ ჩემს ბავშვობასთან, დიდი განსხვავებაა. ყველას არ ეხება, მაგრამ უმრავლესობას უნდა, რომ იოლად მიაღწიოს ყველაფერს - ვარჯიშისა და ოფლისღვრის გარეშე. თუ გაუჭირდათ, ფეხზე წამოდგომა უჭირთ, მებრძოლი ხასიათი არ აქვთ.

...სულ ტელეფონში იჭყიტებიან და რა ხდება იქ ისეთი, რომ თვალი არ შეიძლება მოწყვიტო. ინტერესები შეიცვალა, სხვა ცხოვრება მოვიდა, ფეისბუქმა და ინსტაგრამმა ჩაანაცვლა ეზოს ფეხბურთი. აქვთ თავისუფალი დრო და თუ სურვილი აქვთ, შეუძლიათ ჩავიდნენ ბურთით, ივარჯიშონ, ბურთით გაერთონ. იშვიათად, რომ ეს გააკეთონ.

...არიან ბიჭები, ფეხბურთით რომ ცხოვრობენ და მართლა გულით სურთ კარიერის აწყობა. სიამოვნებას იღებენ თამაშით. ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთები რომ გაქრნენ".

0.117566