ფეხბურთი

13:47 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნი “ევერტონში” ბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” 31 წლის ფორვარდი უეინ რუნი ახალი სეზონიდან, დიდი ალბათობით, მშობლიურ “ევერტონში” ითამაშებს. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, მანჩესტერელთა ყველა დროის საუკეთესო ბამბარდირის ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლოს განხორციელდება. ამ დროისთვის გარიგების სხვა დეტალები არ სახელდება.

უეინ რუნი “ევერტონის” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, მთავარი გუნდის ღირსებას კი 2002-2004 წლებში იცავდა, საიდანაც “მანჩესტერ იუნაიტედში” 18 წლის ასაკში გადავიდა. მანჩესტერელთა მაისურით ჩატარებულ 559 მატჩში 253 გოლი გაიტანა და ორი გოლით გააუმჯობესა ბობი ჩარლტონის შედეგი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო კლუბის რეკორდსმენი.

მანჩესტერიდან რუნის წასვლაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუნდს სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგა. პორტუგალიელმა კაპიტანს ვერაფრით მოუძებნა შესაფერისი პოზიცია. თავად რუნის არაერთხელ უთქვამს, რომ წინააღმდეგი არაა სხვა ქვეყნის ჩემპიონატში მოსინჯოს ძალები, ინგლისში კი მხოლოდ ერთ კლუბში შეიძლება გადავიდეს და ეს “ევერტონია”.

0.113431