საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შვედეთთან მატჩისთვის მზადების პროცესში მყოფ საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, ახალგაზრდა მოთამაშეები გაამხნევა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.
"ქართველმა ახალგაზრდებმა პორტუგალიასთან მატჩში ხარისხიანი ფეხბურთი და კარგი ხასიათი აჩვენეს. წაგების მიუხედავად იგრძნობა, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც უკვე დიდი ხანია ქართული ფეხბურთის შესახებ ვამბობთ. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს შვედეთთან შეხვედრაში, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვქონდეს. პირველ მატჩში ვნახე კარგი თამაში და სწორი ტაქტიკური მომზადება. სამწუხაროა, რომ მრავლად შექმნილი საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შევძელით, ყველაფერი სამწვრთნელო შტაბზე და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ეს თაობა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია" - ციტირებს ვაისის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრას შვედეთის ნაკრებთან დღე გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:30 საათზე დაიწყება.