ფეხბურთი

1:38 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დასანანი მარცხი - მხოლოდ მომენტები არ ითვლება

იტალიელ მსაჯ დავიდე მასას იმ ერთ საბედისწერო ჩასტვენას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი ლამაზი იყო გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე". კეთილმოწყობილი სტადიონი, ყველა ბილეთი ჯერ კიდევ წინა დღეს გაყიდული, გახსნის ცერემონიალიც მშვენიერი - ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო.

სამწუხაროდ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატი. პორტუგალიელები 22-ჯერ დაჯარიმდნენ, ჩვენები კი მხოლოდ 8-ჯერ, მაგრამ ამ რვიდან ერთი ჯარიმა პენალტად დაგვიჯდა. იყო თუ არა პენალტი? გამეორებაზე ნახავდით და თავად განსაჯეთ. მსაჯს არ ვაბრალებთ წაგებას - უბრალოდ, ძალიან გვეეჭვება, ჩემპიონატი პორტუგალიაში რომ ყოფილიყო, ანალოგიურ ვითარებაში საქართველოს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაენიშნა რომელიმე არბიტრს.

რუი პედრუმ ზუსტად დაარტყა და 0:1. ეს იყო ქართველთა კარის ჩარჩოში ერთადერთი დარტყმა. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერები იყვნენ, სხვა ვერაფერში პორტუგალიის უპირატესობა ვერ დავინახეთ. პირიქით, გიორგი ყიფიანის გუნდმა უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნა და იყო მონაკვეთები, როცა სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა. არაფესრ ვიგონებთ, სტატისტიკიდანაც შეიძლება ამის დანახვა.

ჯერ კიდევ მე-9 წუთზე უნდა გაეტანა საქართველოს. გიორგი არაბიძემ ცენტრში მოიპოვა ბურთი, მარცხნივ გააყოლა გიორგი ჩაკვეტაძეს და თბილისის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველმა ტექნიკურად შორეულ კუთხეში სცადა დარტყმა. სუსტად გამოუვიდა, მეკარემ იოლად აიღო.

გაბრიელ საღრიშვილს ორჯერ შეეძლო საქართველოს დაწინაურება. ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს, მერე კი შესვენების შემდეგ. ისეთი მომენტები არ იყო, რომ გეთქვა მეკარემ გადაარჩინა თავისიანებიო - თავად საღრიშვილმა ვერ იმოქმედა ცივსისხლიანად.

ეს ევროპის ჩემპიონატია, მაღალი დონეა და სამ მომენტს რომ ვერ გამოიყენებ, დაისჯები. სამწუხაროდ, ასე დაემართა საქართველოს ნაკრებს. უიღბლოდ აეწყო ყველაფერი - პირველ ტაიმში გიორგი კოხრეიძე გახდა შესაცვლელი, ხოლო 58-ე წუთზე ჩაკვეტაძე. ორივენი ტრავმის გამო... ასეთ შეხვედრაში ორი იძულებითი ცვლილება დაღს დაასვამდა ნაკრებს და ასეც მოხდა. ჩაკვეტაძის გასვლის შემდეგ, შეტევაში უფრო გაგვიჭირდა.

ჩვენი ნაკრებიდან გამოვარჩევდით ცენტრალურ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს, მარცხენა მცველ ლუკა ლაკვეხელიანსა და საყრდენ დავით სამურკასოვს. რაც შეეხება არაბიძეს, მიუხედავად ბურთის ამდენი დაკარგვისა, მთავარ საფრთხეს სწორედ მისგან მოელოდნენ პორტუგალიელები და აკი, პირველი ტაიმის შუაში მოახდინეს გადანაცვლება: კინას ნაცვლას, აბდუ კონტე დაუყენეს მარცხენა მცველად. მანამდე, არაბიძე რამდენჯერმე დაუსხლტა კინას, აი, კონტს წინააღმდეგ კი გაუჭირდა.

რაც კიდევ გამოჩნდა, ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშა და ჩანდა მწვრთნელის ხელიც. შარშან შემოდგომაზე ყიფიანის ნაკრები ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ წლეულს პროგრესი გამოჩნდა - თუნდაც რუსეთთან ამხანაგურ შეხვედრებში.

ეგაა, დღეს ბოლო 15-20 წუთში მეტს ველოდით: შეტევები ქაოტური გახდა, თუმცა ეს იმის ბრალიც იყო, რომ დრო ცოტა იყო დარჩენილი და დაღლილობამაც იჩინა თავი. მთავარია, ფსიქოლოგიურად არ მოიშალოს საქართველოს ნაკრები. წინ შვედეთთან მატჩია.

2 ივლისი. 20:00. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

საქართველო - პორტუგალია 0:1 (0:0)

მაყურებელი: 4 156

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი, კუცია, სამურკასოვი (ჩოგაძე 74), ჩაკვეტაძე (კვანტალიანი 58), არაბიძე, საღრიშვილი, კოხრეიძე (ქოჩორაშვილი 35)

მწვრთნლი: გიორგი ყიფიანი

პორტუგალია: დიოგო კოშტა, დალოტი, დიოგო კეირუში, კონტე, კინა (მიგელ ლუიში 72), რუი პირესი, ჟოაო ფელიპე (პასი 79), ჟედსონი, კეირუში, რაფაელ ლეაო (მესაკე 55), რუი პედრუ

მწვრთნელი: ელიო სოუზა

გოლი: 0:1 რუი პედრუ (66 პენ)

გაფრთხილება: ჩოჩიშვილი, კუცია - რუი პირესი, ჟედსონი, ჟედსონი, რუი პედრუ

გაძევება: ჟედსონი (73)

მსაჯი: მასა (იტალია)

ბურთის ფლობა %: 49-51, დარტყმა: 9 (3) - 4 (1), კუთხური: 5-2, ჯარიმა: 8-22 L

A ჯგუფის მომდევნო ტური

5 ივლისი. 17:30. "მიხეილ მესხი". საქართველო - შვედეთი

5 ივლისი. 20:00. "დავით პეტრიაშვილი". ჩეხეთი - პორტუგალია

0.157794