ჭიდაობა

0:33 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ბერძენ-რომაელების საამაყო მონაგარი – რვავე სპორტსმენი პოდიუმზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. ევროკონკურენციაში რვა ქართველი სპორტსმენი ჩაება და შინ რვავე მედლით ბრუნდება. 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი – ასეთია ქართული გუნდის ევრომონაგარი.

დღეს საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში შეივსო საქართველოს სახელით გერმანულ ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ), თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) გავიდნენ.

ყველაზე შედეგიანად ნაკრების ლიდერმა ზვიად პატარიძემ იჭიდავა – ქართველმა მძიმეწონოსანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ასაკობრივ ჯგუფში ტოლ-სწორი მეტოქე არ ჰყავს და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა.

ფინალის გზაზე პატარიძემ თურქი იაკუპ იერლიკაია (8:0), აზერბაიჯანელი თეჰრან ამინზადე (8:0) და რუმინელი ლენარდ იშტვან ბერეი (7:1) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ გეორგი გაჯინოვს წუთსა და რვა წამში მოუმთავრა საქმე (8:0).

ზვიად პატარიძის მსგავსად, დილის პროგრამა წაუგებლად დაასრულა გიორგი კურტანიძემ. 66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველმა ევროპირველობა გერმანიის ნაკრების წევრ არტურ ტატარინოვთან შეხვედრით და სასურველი ფრით (6:6) გახსნა. შემდეგ მეტოქეებს კი გაცილებით იოლად აჯობა – ჩეხ იაკუბ ბიელესს - 10:1, ხოლო რუს სერგეი სტეპანოვს – 11:1.

ფინალში კი კურტანიძე უკრაინის ნაკრების წევრ პავრიზ ნაბისოვთან 0:4 დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

ნუგზარ წურწუმია და თემურ ჭკუასელიძე პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ. წურწუმიამ ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ ემინ ნარიმანოვიჩ სეფერშაევთან წაგებით (0:9). იქამდე წურწუმიამ გერმანელი ალექსანდერ გინცი (6:1) და ფინელი მატიას ტერო ალარიკ პოუტანენი (10:0) დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი რუმინალ რაზვან არნაუს აჯობა (8:0).

ჭკუასელიძემ ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლაევ ნიკოლოვის ძლევის (7:2) შემდეგ, ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ბელარუს მიკიტა კლიმოვიჩთან წაგებით (2:8). ბრინჯაოს გზაზე კი ორი მეტოქე ჩამოიშორა: იტალიელი ანტონიო მალანგონე (9:1) და აზერბაიჯანელი თუნჯაი ვაზირზადე (15:8).

ორდღიანი ევროპირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 2-2 ოქროსა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რამაზ სილაგავა (50 კგ) და ლერი აბულაძე (60 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ბექა მამუკაშვილმა (74 კგ) და გიორგი ბარბაქაძემ (96 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

0.111847