1995 წლის, 19 ნოემბერს, როდესაც ლეგენდარული „მილანის“ წინააღმდეგ 17 წლის, ფართო საზოგადოებისთვის უცნობ კიპერს მიანდეს „პარმას“ კარის დაცვა, მაშინ ალბათ ერთი ადამიანიც არ იყო ისეთი, ვინც წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა 22 წელიწადზე მეტი და, მისი სახელი ფეხბურთში ისევ აქტუალური იქნებოდა.
ჯანლუიჯი ბუფონი ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. არსებობენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებიც, მაგრამ ფაქტია, ასეთი ხანგრძლივი, თან სტაბილურად მაღალი დონის კარიერა თითზე ჩამოსათვლელ ფეხბურთელებს თუ ჰქონიათ. ჯიჯი კარგა ხანია „ბერდება“, ასე, 7-8 წელია. თუმცა, რეალურად იტალიელი მონსტრი ისევ ტოპ მეკარეებს შორისაა. ჰოდა, მას შემდეგ რაც ასაკში შევიდა, იტალიაში თუ ვინმემ ბურთი დაიჭირა, ლამის ყველა მის მემკვიდრედ შერაცხეს. სხვა საქმეა, რომ რეალობა ასეთი არ გამოდგა. ისე კი, ნამდვილი დასასრული ახლოვდება - ბუფონი 2018 წელს კარიერას დაასრულებს. შესაბამისად, ახლა უფრო აქტუალურად დგას საკითხი: ბუფონის მემკვიდრე...
ჯანლუიჯი დონარუმა - 18 წლის, კლუბი: „მილანი“
ჯანლუიჯი დონარუმას ბუფონთან გაიგივება გასაკვირი სულაც არაა. ჯერ სულ რაღაც 18 წლისაა, მაგრამ საფეხბურთო სამყარო უკვე ბევრჯერ აალაპარაკა. „მილანში“ დებიუტი ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც ტრავმირებული დიეგო ლოპესი ჩაანაცვლა, ხოლო ვეტერანი კრისტიან აბიატი მესამე მეკარედ აქცია. დონარუმამ პირველივე თამაშში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და იქედან მოყოლებული „როსონერის“ უცვლელი პირველი მეკარეა. თუმცა, იტალიელმა ყურადღება პირველად 2015 წლის ზაფხულში მიიპყრო, როდესაც „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშა და პენალტების სერიაში ტონი კროოსსაც აჯობა.
ბოლო დროს, მის გარშემო ბევრი ცუდი ითქვა თუ დაიწერა. მიზეზი აგენტი მინო რაიოლა და ლომბარდიულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმაა. როგორც ამბობენ, ჯიჯო უმადურად მოიქცა. თუმცა, ეს საკითხი საბოლოოდ ჯერაც არ გადაწყვეტილა და არაა გამორიცხული დონარუმამ ახალი ხელშეკრულება მაინც გააფორმოს. ახლახან, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც დონარუმა „აძურინის“ პირველი მეკარე იყო, მაგრამ ბედიის ირონიით, თავისი გუნდის სუსტი წერტილი გამოდგა. 6 გოლი გაუშვა და სულ 4-ჯერ მოახერხა ბურთი მოგერიება. შესაძლოა, მან წნეხს, რომელიც თავს დაატყდა, ვერ გაუძლო.
და მაინც, ფაქტია, რომ დონარუმა უდიდესი პოტენციალის კიპერია და დამსახურებულად მიიჩნევა ბუფონის შესაძლო მემკვიდრედ. თან, მასაც ჯანლუიჯი ჰქვია - ალბათ, არის ამ სახელში, რაღაც მისტიკური...
სხვათა შორის, დონარუმა ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, ვისაც ოდესმე სერია A-ში უთამაშია, ასევე ყველაზე ახალგაზრდაა იტალიის 21 წლამდე ნაკრების მეკარეებს შორის და მათ შორისაც, ვისაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჰქონია დებიუტი. ცნობისთვის, ბუფონმა „სკუადრა აძურას“ მაისური პირველად 19 წლის ასაკში მოირგო. ამჟამად კი, დონარუმას ანგარიშზე უკვე 4 სანაკრებო მატჩია. საინტერესოა, რომ სამივე შემთხვევაში დონარუმამ დიდი ჯიჯის რეკორდი დაამხო.
დებიუტი „მილანში“: 2015 წლის 30 ივლისი, საერთაშორის თასზე, „მილანი“ – „რეალი“.
დებიუტი სერია A-ში: 2015 წლის 25 ოქტომბერი, „მილანი“ – „სასუოლო“
დებიუტი იტალიის ეროვნულ ნაკრებში: 2016 წლის 27 აგვისტო, იტალია - საფრანგეთი
საბაზრო ღირებულება (ტრანსფერმარკეტის მონაცემებით): 25 მილიონი ევრო
სიმაღლე: 196 სმ
ალექს მერეტი - 20 წლის, კლუბი: „უდინეზე“
იტალიაში დიდ იმედს ამყარებენ ალექს მერეტზე - „უდინეზეს“ მეკარე, რომელმაც გასული სეზონი სერია B-ში გაატარა. მერეტი იმ „სპალ“-ის ძირითადი მეკარე გახლდათ, რომელმაც ისტორიული შედეგი აჩვენა და პირველად მოიპოვა სერია A-ს საგზური. ამაში ნიჭიერი კიპერის დიდი წვლილი იყო. მან ყურადღება ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში, ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე მიიპყრო.
იტალიის ნაკრები ფინალში გავიდა, რაც დიდწილად, სწორედ ალექსის დიდებული თამაშის დამსახურება გახლდათ. განსაკუთრებით საოცრად მან ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ჩაატარა გერმანიის წინააღმდეგ და არაერთი საოცარი სეივი შემოგვთავაზა. სხვათა შორის, იტალიელი სპეციალისტების აზრით, მისი მთავარი კოზირი არაამქვეყნიური რეაქციაა, რომელშიც თურმე თავის ასაკში ვერავინ შეედრება.
მერეტს ჯერჯერობით იტალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი არ ჰქონია, თუმცა ჯამპიერო ვენტურას მარტში უკვე ჰყავდა გუნდში გამოძახებული, როგორც ორი ჯანლუიჯის დუბლიორი. იტალიურ მედიაში ამბობენ, რომ „იუვენტუსი“ ბუფონის შემცვლელად განიხილავს, თუმცა არც „ინტერი“ და „ნაპოლი“ აკლებენ აქტიურობას.
ალექს მერეტის დებიუტი იტალიის სერია A-ში ჯერაც არ შემდგარა, მაგრამ 2015 წლის დეკემბერში ორჯერ დაიცვა „უდინეზეს“ კარი იტალიის თასზე, „ატალანტასა“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ. როგორც ვარაუდობენ, დამდეგ სეზონს სერია A-ს რომელიმე კლუბის ძირითადში გაატარებს.
აღსანიშნავია, რომ მერეტი 2014 წლის გაზაფხულზე ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრებში გამოიძახა და მთავარ გუნდთან ერთად შეკრებაზე ჰყავდა მიწვეული.
დებიუტი „უდინეზეში“: 2015 წლის 2 დეკემბერი, „უდინეზე“ – „ატალანტა“
დებიუტი სერია B-ში: 2016 წლის 27 აგვისტო, „ბენევენტო“ - „სპალ“
საბაზრო ღირებულება (ტრანსფერმარკეტის მონაცემებით): 4 მილიონი ევრო
სიმაღლე: 190 სმ
სიმონე სკუფეტი -21 წლის, კლუბი: „უდინეზე“
სიმონე სკუფეტი დიდ სცენაზე ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2013-2014 წლების სეზონში გამოჩნდა. მაშინ პატარა ბიჭს, მოულოდნელად ტრავმირებული ჟელიკო ბრკიჩის კარგა ხნით შეცვლა მოუწია და თან როგორ?! – 18 წლის, მაშინ უცნობმა მეკარემ იმდენად დამაჯერებლად ითამაშა, რომ ტრავმამოშუშებულ სერბ მეკარეს სათადარიგო სკამზე სეზონის ბოლომდე მოუწია ჯდომა. სკუფეტმა იმ სეზონში იტალიის მთავარ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, ხოლო 2014 წლის მარტსა და აპრილში ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ეროვნული ნაკრების ექსპერიმენტარულ შემადგენლობაში შეიყვანა.
უცნაურია, მაგრამ ახლა შესაძლოა სკუფეტის კარიერა უფრო კაშკაშა ყოფილიყო რომ არა ერთი დეტალი: 2014 წლის ზაფხულში, როდესაც მადრიდის „ატლეტიკო“ ტიბო კურტუამ დატოვა და მეკარეს ეძებდა, სწორედ სკუფეტის გადაბირებას სცდილობდა. მაშინ 18 წლის იტალიელმა კი, ესპანელები უარით გაისტუმრა, მიზეზიც დაასახელა: სკოლის გამოცდები მაქვს და თან მსურს იტალიაში ვითამაშოო. სიმონე იმედოვნებდა რა, რომ „უდინეზეს“ სასტარტოში ისევ ითამაშებდა, მაგრამ ფრიულელებს მთავარი მწვრთნელი შეეცვალათ, რომელიც ფსონს სკუფეტზე აღარ ჩამოვიდა და ნიჭიერმა მეკარემ მთელი სეზონი სათადარიგო სკამზე გაატარა, მხოლოდ ორჯერ მიეცა კალჩოში თამაშის საშუალება. 2015-2016 წლების სეზონში კი, სერია B-ს ბინადარ „კომოში“ მოუწია აბარგება. 2016-2017 წლების სეზონში, სიმონე ისევ დაუბრუნდა „უდინეზეს“, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ექვსჯერ ითამაშა იტალიის ჩემპიონატში და ორესტის კარნეზის შემცვლელის როლში გაატარა მთელი სეზონი.
სიმონე სკუფეტი ივნისის დასაწყისში ჯამპიერო ვენტურამ იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. ამასთან, ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე იყო 21 წლამდელთა შორის - თუმცა, აქაც სათადარიგოს როლში.
დებიუტი „უდინეზეში“: 2014 წლის 1 თებერვალი, „ბოლონია“ – „უდინეზე“
დებიუტი სერია A-ში: 2014 წლის 1 თებერვალი, „ბოლონია“ – „უდინეზე“
საბაზრო ღირებულება (ტრანსფერმარკეტის მონაცემებით): 4 მილიონი ევრო
სიმაღლე: 193 სმ
ანდრეა ძაკანიო - 20 წლის, კლუბი: „ტორინო“
ზემოჩამოთვლილ მეკარეებთა შედარებით, ანდრეა ძაკანიოს სახელი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ანდრეა „ტორინოს“ საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი იჯარით სერია B-ს ბინადარ „პრო ვერჩელიში“ გაატარა. ძაკანიომ ერთი თვის წინ, მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა და ბრინჯაოს მედალიც მოიგო იტალიის ნაკრებთან ერთად. მართალია, ანდრეას მესამე ადგილისთვის მატჩი არ უთამაშია, მაგრამ 6 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და სპეციალისტთა ყურადღება ჩინებული თამაშის გამო მიიპყრო. 2016 წელს კი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თუმცა მაშინ, მთელი ტურნირი სკამზე გაატარა, რადგან კარს დამაჯერებლად ალექს მერეტი იცავდა.
როგორც ამბობენ, ძაკანიოს კარგი მონაცემები აქვს იმისთვის, რომ სამომავლოდ თავისი სიტყვა თქვას. და, ვინც მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატს თვალი მიადევნა, ამაში ისინიც დარწმუნდებოდნენ. იტალიური მედია წერს, რომ „ტორინო“ ნიჭიერ კიპერს განათხოვრებას აღარ უპირებს. აპენინელი ჟურნალისტების ვარაუდით, ძაკანიო დამდეგ სეზონში გამოცდილი სალვატორე სირიგუს დუბლიორი იქნება ტურინულ კლუბში.
დებიუტი სერია B-ში: 11 თებერვალი 2017 წელი, „პრო ვერჩელი“ – „სპეცია“
საბაზრო ღირებულება (ტრანსფერმარკეტის მონაცემებით): ნახევარი მილიონი ევრო
სიმაღლე: 183 სმ
ალესანდრო პლიცარი - 17 წლის, კლუბი: „მილანი“
როგორც კი, ჯანლუიჯი დონარუმას „მილანის“ დატოვებაზე დაიწყო საუბარი, იტალიურ მედიაში მაშინვე გაჩნდა ცნობა, რომ „როსონერი“ მას კიდევ ერთი ვუნდერკინდით, ალესანდრო პლიცარით ჩაანაცვლებდა. იგი მხოლოდ 17 წლისაა და რა თქმა უნდა, ჯერ განსაკუთრებულად არაფრისთვის მიუღწევია. მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე სათადარიგო მეკარე იყო, თუმცა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ურუგვაისთან კარის დაცვა მას მიანდეს. მოვალეობას თავი დიდებულად გაართვა და პენალტების სერიაში სამი თერთმეტრიანი მოიგერია. შესაბამისად, იტალიის ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
„მილანში“ დებიუტი ჯერაც არ ჰქონია, თუმცა გასულ სეზონში 29 თამაშის განაცხადში მოხვდა. პლიცარი თავის ასაკში გამორჩეულად ნიჭიერ მეკარედ მიიჩნევა აპენინზე და ვნახოთ, შეძლებს თუ არა, კარიერის განვითარებას ისე, როგორც ელიან.
საბაზრო ღირებულება (ტრანსფერმარკეტის მონაცემებით): 300 ათასი ევრო
სიმაღლე: 187 სმ
რა თქმა უნდა, ჯერ იმაზე საუბარი, რომ რომელიმე ჯანლუიჯი ბუფონის კვალს ღირსეულად გააგრძელებს, ძალიან ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, მათ ნიჭი აქვთ და უკვე მოახერხეს ყურადღების მიქცევა - დანარჩენს დრო გამოაჩენს.