კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, ინდივიდუალური პირველობა ვაჟთა და გოგონათა შორის მედლების დარჩენილი 4-4 კომპლექტის გათამაშებით დასრულდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 2 ქართველი ძიუდოისტიც ავიდა. ევროპის ჩემპიონის ტიტულს ლაშა ბექაური (73 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ) დაეუფლნენ.
ბექაურმა ფინალის გზაზე ლატვიელი რენარს ჰანსი, ებრაელი ორენ აძულაი, რუსეთის ნაკრების წევრი ნოვრუზ ნოვრუზოვი და თურქი მუჰამეტ კოჩი ჩამოიცილა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელი კენი კომი ბედელი დაჩაგრა - სამწუთნახევარში ოთხი ვაზარი შეუსრულა, ხოლო შემდეგ სუფთად მოუგო.
სოფიო სომხიშვილი ამ ასაკობრივ ჯგუფში, ევროპირველობის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. შარშან მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ამჯერად კი უნაკლოდ იჭიდავა – ლიტვურ ტატამზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე ორ წუთზე ნაკლებში მოიგო. პოლონელ ალექსანდრა გაჟს წუთსა და 38 წამში შეუსრულა იპონი, ჰოლანდიელ მარიტ კამპსს – წუთსა და 52 წამში, ხორვატ ჰელენა ვუკოვიჩს – წუთსა და 47 წამში, რუს დარია ვლადიმიროვას კი წუთსა და 8 წამში.
დღესვე, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. მიხეილ ბექაურმა (90 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ლევან ჭელიძე (+90 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა. ფინალურ ბლოკში ილია სულამანიძე (81 კგ) და მარიამ ჭანტურიაც (63 კგ) მოხვდნენ. ორივემ რეპეშაჟის ფინალში იჭიდავა, მაგრამ დამარცხდნენ და ევროპირველობა მე-5 ადგილით დაასრულეს. გოჩა ღვაჩლიანმა (81 კგ), გიორგი კარიაულმა (90 კგ), ალექსი სვიანაძემ (+90 კგ), თინათინ რევაზიშვილმა (57 კგ), ინდირა სილაგაძემ (63 კგ) და სალომე მაყიშვილმა (+ 70 კგ) კი შეჯიბრებაზე გამოსვლა დილის პროგრამით დაასრულეს.
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი ხვალ, გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.