ფეხბურთი

21:35 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მამროტი და ფროლოვი სადებიუტო შეხვედრას ევროპა ლიგაზე ოპტიმისტურად ხვდებიან

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ ევროსარბიელს უბრუნდება. აჭარელთა მეტოქე ევროპა ლიგის პირველ წრეში პოლონური „იაგელონია“ იქნება. ქართველებმაც და პოლონელებმაც მატჩის წინა დღეს ტრადიციული ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგაც გუნდების თავკაცებმა პრესკონფერენცია მოაწყეს.

თავდაპირველად, ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა სლავური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირენეოშ მამროტმა, რომელსაც თარჯიმნობას მისივე გუნდის ფეხბურთელი ტარას რომანჩუკი უწევდა. პირველად პოლონელთა დამრიგებელს, რომლის დებიუტიც ხვალ „რამაზ შენგელიაზე“ შედგება, კითხვებით თანამემამულე ჟურნალისტებმა მიმართეს:

-რა განწყობით ხვდება ხვალინდელ შეხვედრას „იაგელონია“?

-კარგად ვიცით, რომ ხვალ იოლი მატჩი არ გველის. ჩვენი სურვილია გოლები გავიტანოთ, მოვიგოთ და განმეორებით პაექრობას მშვიდად შევხვდეთ. ბუნებრივია, ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენს გუნდს ამის ძალა შესწევს.

-მეტოქის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?

-ვნახეთ ბათუმის „დინამოს“ მატჩები, ძალიან მომეწონა, კარგი გუნდია, შეუძლიათ შეტევა, რომლის დროსაც ბევრი ფეხურთელი არის ჩართული. თავსაც კარგად იცავენ. შეტევაში ფლანგებსაც იყენებენ, თუმცა ჩვენ მათგან განსხვავებული გეგმები გვაქვს, რომელიც რეალობად უნდა ვაქციოთ.

-ხვალინდელი მატჩის პროგნოზს თუ გააკეთებთ?

-დღეს აქ ტაქტიკის განსახილველად და პროგნოზების საკეთებლად არ მოვსულვარ. ორივე გუნდი თავისას ეცდება. ბათუმელების პლუსი ისაა, რომ ისინი ჩემპიონატს ახლაც თამაშობენ, ჩვენ კი სამი კვირის წინ გავმართეთ ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა. ბუნებრივია, სათამაშო ტონუსის შენარჩუნება ამ ხნის განმავლობაში წარმოუდგენელია, მაგრამ ხვალ მაინც ოპტიმისტურად ვართ.

-გუნდში ახალი ფეხბურთელები თუ გყავთ?

-ორი ფეხბურთელი დავიმატეთ, ერთი ფორვარდი, მეორეც ბრაზილიელი განაპირა მცველი. ვფიქრობ ისინი კარგად წაადგებიან გუნდს.

-ცოტა ცხელა და ხომ არ გაგიჭირდებათ ასეთ ტემპერატურაზე თამაში?

-ჰავა ჩვენი ქვეყნებში თითქმის იდენტურია. შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ოდნავ უფრო ცხელა, მაგრამ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება.

თავის მხრივ, „თარჯიმანმაც“ - ტარას რომანჩუკმაც დასძინა: „ამხელა გზა წასაგებად ნაღდად არ გამოგვივლია. მთელი მატჩის განმავლობაში ვიბრძოლებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

რამდენიმე წუთში ბათუმის „დინამოს“ თავკაცი კონსტანტინე ფროლოვი და გუნდის კაპიტანი თეიმურაზ შონიაც შემოვიდნენ დარბაზში. ბათუმელთა დამრიგებელი შედარებით მოკრძალებული გახლდათ და მას მედიის წარმომადგენლებთან საკონტაქტოდ რამდენიმე წუთი ეყო:

„მატჩისათვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვეცდებით საკუთარი ქომაგების და ქვეყნის წინაშე კარგად წარმოვჩინდეთ. მეტოქის თამაში შევისწავლეთ. ვიცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მინდა გამოვყო ტარას რომანჩუკი, რომელიც შეტევებს ამწვავებს. შეიძლება მათ არ ჰყავდეთ ვარსკვლავები, მაგრამ თანაბრად არიან ყველა რგოლში დაკომპლექტებულნი. კარგი იქნებოდა, ეს თამაში ბათუმში ჩატარებულიყო, სადაც მე-12 მოთამაშის ფაქტორი უფრო ეფექტური იქნებოდა, მაგრამ ხვალ ქუთაისელი ქომაგების მხარდაჭერის გვეიმედება“.

თეიმურაზ შონია: „ბიჭებს მოტივაცია და მონდომება არ აკლიათ. ისინი ხვალ მთელი მატჩის განმავლობაში თავს არ დაზოგავენ, რათა ქომაგების და საქართველოს წინაშე პირნათელნი იყვნენ. ვიცით, რთული მატჩი გველოდება, მაგრამ გამარჯვებისათვის ყველაფერს გავიღებთ“.

0.142632